სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.1 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3-პროცენტიანი კლება, რაც -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-4.5 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (-1.9 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (4.9 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (1.3 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა როგორც ფეხსაცმლის (-3.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-2.8 პროცენტი), თევზეული (-1.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (3.9 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.5 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (1.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.7 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.