სასმელი წყლის ეროვნული მონიტორინგის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით აღებული სასმელი წყლის 585 სინჯიდან 227 დარღვევა (37.8%) გამოვლინდა.

მათ შორის მიკრობიოლოგიური დარღვევა დაფიქსირდა სინჯების 95.5%-ში, ცალკეულ შემთხვევებში, ფიზიკურ-ქიმიურ და ორგანოლეპტიკურ დარღვევებთან ერთად.

ამის შესახებ ნათქვამია გარემოს მდგომარეობის შესახებ 2018-2021 წლების ეროვნული მოხსენების პროექტში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა სხვა სამთავრობო უწყებების ჩართულობით. მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება.

მოხსენების თანახმად, დარღვევა არ დაფიქსირებულა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „რუსთავი წყლისა“ და „ქობულეთის წყლის“ ქსელში. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქსელში“ 42 დარღვევა დაფიქსირდა. საქართველოს რეგიონებში დარღვევების უმეტესობა სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების ცენტრალიზებულ სისტემებზე მოდის, რომლებსაც ლიცენზიანტი წყალმომარაგების კომპანია არ ემსახურება.

საქართველოში წყალმომარაგებას ახორციელებს 9 ლიცენზიანტი კომპანია, რომელთა დაფარვის არეალი საქართველოს მოსახლეობის 65%-ია. მოსახლეობის დანარჩენი 35%-ის წყალმომარაგება მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა.

თავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 2018-2021 წლებში თბილისის წყალმომარაგების ქსელში განხორციელებული რუტინული მონიტორინგის ფარგლებში, რაც თვეში საშუალოდ 500-ზე მეტი ნიმუშის ანალიზს მოიცავს, ნორმიდან გადახრა დაფიქსირდა ერთჯერადად, 2021 წელს. ცხელი ხაზიდან შემოსული მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე აღებული სინჯების ანალიზის შედეგად წელიწადში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. არ გამოვლენილა დარღვევა წყალმომარაგების რეზერვუარებიდან და წყალმომარაგების წყაროებიდან აღებულ ნიმუშებში. რუსთავში განხორციელებული რუტინული მონიტორინგის ფარგლებში მხოლოდ 2018 წელს დაფიქსირდა 3 დარღვევა ჯამური 3,210 ნიმუშიდან და ცხელ ხაზზე შემოსული საჩივრის საფუძველზე აღებული ანალიზის შედეგად – ერთეული დარღვევები. არ გამოვლენილა  წყალმომარაგების რეზერვუარებში. მცხეთაში რუტინული მონიტორინგის ფარგლებში დარღვევა არ ფიქსირდება. ერთჯერადი დარღვევა დაფიქსირდა 2020 წელს ცხელი ხაზიდან შემოსულ სინჯში. აღნიშნული ერთეული დარღვევები, გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ძირითადად შიდა ქსელის გაუმართაობით იყო გამოწვეული.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2021 წელს საქართველოს რეგიონებში 46,818 სინჯი იყო აღებული, საიდანაც 96 დარღვევა დაფიქსირდა.

შპს „ბათუმის წყლის“ მონაცემებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში მათ მიერ 2021 წელს აღებული 2,272 ნიმუშიდან გამოვლინდა 15 დარღვევა. დარღვევები ძირითადად გამოვლენილი იყო უამინდობის დროს და უკავშირდებოდა ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებს.

გაეროს მდგრადი განვითარების ინდიკატორის (მოსახლეობის წილი, რომელიც სარგებლობს უსაფრთხოდ მართული სასმელი წყლის სერვისებით) მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით საქართველო, 66.35%-იანი მაჩვენებლით, მსოფლიოს მასშტაბით 76-ე ადგილს იკავებს 139 ქვეყნიდან. ამ ჩამონათვალში საქართველო ჩამორჩება აზერბაიჯანს (88%) და სომხეთს (87%) და ასევე, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (74%). ამასთან, სოფლად ეს ინდიკატორი საქართველოსთვის 40%-ს შეადგენს, ხოლო ქალაქად – 84%-ს. ამავე მიზნის სხვა ინდიკატორის მიხედვით, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის წილს, რომელიც სარგებლობს სასმელი წყლის მიწოდების მინიმუმ ძირითადი სერვისებით, საქართველოს მაჩვენებელი 97.35%-ია, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (90%) აღემატება.