Jnews-ი შესაბამისი ორგანიზაციისგან შეეცადა გაერკვია, თუ რისგან დაიხოცა სოფელ ხანდოს მახლობლად მდინარის ნაპირთან დაგდებული ქათამი, ასევე იმის გარკვევა თუ ვინ და როდის დაასუფთავებს ადგილს დახოცილი ქათმებისგან.

მიმდინარე წლის 18 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს მოსახლეობამ განაცხადა, რომ უცნობმა ადამიანებმა მათი სოფლის მახლობლად, მდინარის ნაპირთან, დახოცილი ქათმები დაყარეს. სოფლის მოსახლეობა შესაბამისი ორგანოებისგან ითხოვდა, რაც შეიძლება მალე დაესუბთავათ ტერიტორია. თავად მოსახლეობას მიახლოების ეშინოდა, რადგან შინაური ფრინველის სიკვდილის მიზეზი არ იცოდა.

ათობით დახოცილი ქათამი სანაპიროზე, სოფელ ხანდოში განგაში ატეხეს

Jnews-ს შეეცადა გაერკვია, თუ იციან აღნიშნული ფაქტის შესახებ სურსათის ეროვნულ სამსახურში და რის გაკეთებას აპირებენ ამასთან დაკავშირებით. როგორც სოფლის მოსახლეობამ მოგვახსენა, ჩვენი ზარის შემდეგ სოფელ ხანდოში სურსათის ეროვნული სამსახურის რეგიონალური სამმართველოს ახალქალაქის განყოფილების თანამშრობლები, დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე მივიდნენ. მათ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს, მაგრამ ექსპერტიზისთვის მასალა ვერ აიღეს.

სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელმა ლია ბექაურმა თქვა, რომ სინჯის გაკეთება უკვე დაგვიანებულია.
«ხანდოს მოსახლეობას ამ საკითხით ჩვენთვის არ მოუმართავს, უბრალოდ დახოცილი ქათმებია, ისინი უკვე გაიხრწნა, ამიტომ ექსპერტიზისთვის მასალის აღება ვერ მოვახერხეთ. ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ იქ სულ რაღაც 10-15 ფრინველი იყო».

ხანდოს ტერიოტორიული ოლქის საკრებულოს დეპუტატმა სარგის მელიქიანმა თქვა, რომ ტერიტორია, სადაც დახოცილი ქათმები ყრია, სოფელი ვარევანის ტერიტორიალურ ოლქს ეკუთვნის.

«10 მეტრზე ახლოს მისვლა შეუძლებელია, მყრალი სუნი დგას. დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დეზინფექცია ჩაატარეს, ჩვენ სოფელი ვარევანის უფლებამოსილ პირს დავუკავშირდით, მან გვაცნობა, რომ ფრინველს ჩამარხავენ»,- თქვა სარგის მელიქიანმა.

თუმცა, სოფელ ვარევანში მერის წარმომადგენელი მიშა სტეფანიანი დარწმუნებული არ არის, რომ ტერიტორიის დასუფთავება მის პასუხისმგებლობაში შედის და ეს ტერიტორია სოფელ ვარევანს ეკუთვნის.

«მთელი დღე ახალი წყალგაყვანილობით ვარ დაკავებული, არც კი ვიცი, ეს ტერიტორია სოფელ ხანდოს ეკუთვნის თუ ვარევანს, არ მინახავს. მე რატომ უნდა დავასუფთავო. ის გზაზევეა, გზაზე ბევრი ნაგავი ყრია, ყველაფერს მე ხომ არ დავალაგებ, არ მესმის. რა ჩემი საქმეა»,- თქვა მიშა სტეფანიანმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამმართველოს ახალქალაქის განყოფილების დირექტორმა მერუჟან ეზოიანმა თქვა, რომ მათ დღეს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს და სოფელი ვარევანის უფლებამოსილ პირს შეუთანხმდნენ, რომ ფრინველს ჩამარხავდნენ.

«დახოცილი ფრინველი სოფელი ვარევანის ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენ ხანდოს დეპუტატს სარგისს და სოფელი ვარევანის უფლებამოსილ პირს ვესაუბრეთ. ისინი დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს დაასუფთავებენ. მაგრამ დახოცილი ფრინველი, დიდი ალბათობით, უკვე დიდ ხანია იქაა და გაიხრწნა, თან სულ რაღაც 10-15 ქათამი იყო. ყველაფერს ვაკონტროლებთ, თვალყურს ვადევნებთ, რომ ტერიტორია დასუფთავდეს»,- თქვა მერუჟან ეზოიანმა.

Jnews-ი აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების პროცესს ასევე გააკონტროლებს.