საქართველოში ძიძებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, მზარდია დამსაქმებელთა მოთხოვნებიც და დასაქმებულთა ანაზღაურებაც.

საქართველოს ძიძების ასოციაციის დამფუძნებელი ინა ჩარკვიანი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მათი დაკვირვებით, დღეს ძიძის საშუალო ანაზღაურება გაზრდილია და ის საათში 5-6 ლარია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ტარიფი 10 ლარსაც უტოლდება.

„2020 წელს გაეროს ქალთა ფონდის ინიციატივით ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა. ამ დროს შრომისთვის დამახასიათებელ სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, სახელფასო მარჟებიც იკვლიეს. მაშინ საშუალო საათობრივი ანაზღაურება იყო 4.58 ლარი. ამჟამად, ჩვენი დაკვირვებით, საშუალო ტარიფი 5-6 ლარამდეა გაზრდილი. თუმცა სამუშაო პირობა მნიშვნელოვანი მსაზღვრელია. მოვალეობების ზრდასთან ერთად, საათობრივი ანაზღაურებაც იზრდება. ხშირია შემთხვევა, როცა საათში 10 ლარსაც იხდის ოჯახი. ტარიფის ცვლილება სეზონურობითაც ხასიათდება, ზაფხულის პერიოდში მაგალითად იმატებს აგარაკზე მუშაობის პირობებში.

უბნების მიხედვით დამახასიათებელია განსხვავებული ტარიფი. პანდემიის დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, იყო შემთხვევები, როცა გარეუბნებიდან ეძებდნენ სამსახურს ცენტრალურ უბნებში, რომ ანაზღაურება შედარებით მაღალი მიეღოთ. ამჟამად მეტია მოთხოვნა საცხოვრებელ უბანში დასაქმებაზე. გამოცდილებამ აჩვენა, რომ გზაში დახარჯული დრო და გზის საფასური ამ მცირე სახელფასო სხვაობას აზრს უკარგავს.

ძიძის სამუშაო დღე ხშირად 9-10 საათს გრძელდება. დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს ორი საათის გზაში გატარება თავისუფალ დროს აღარ უტოვებს ძიძებს, მოსვენების საშუალებას არ ეძლევათ და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხი უარესდება. ხელფასი ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა დავთვალოთ და არა ნომინალურად, ციფრებით“, – ამბობს ინა ჩარკვიანი.

მისი თქმით, ხშირია, როცა ქართველი ძიძები პერიოდულად მიჰყავთ საზღვარგარეთ სამუშაოდ. მაგალითად არის სამთვიანი გასვლები, რადგან ამ პერიოდში დამსაქმებელი ევროპული კანონმდებლობით თავს არიდებს დამატებით გადასახადებს. ამ შემთხვევაში ტარიფი განსხვავებულია და 3-4-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.