ბაქომ დროებით დახურა გამშვები პუნქტი „ლაჩინი“. როგორც აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურში ამტკიცებენ, გამშვებ პუნქტ „ლაჩინის“ გავლით ხორციელდებოდა კონტრაბანდა და ამისთვის გამოყენებული იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სატრანსპორტო საშუალებები.
„ამ ფაქტების გათვალისწინებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებამდე გამშვებ პუნქტ „ლაჩინის“ გავლით გადაადგილება დროებით შეჩერდა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.
მედიის ცნობით, აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ ლაჩინის დერეფნის გავლით ხდება არასანქცირებული ტვირთის გადატანა. მათ შორის, ტელეფონების, დამუხტვის ხელსაწყოების და ბენზინის.
საპასუხოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში განაცხადეს, რომ კონტრაბანდასთან კავშირს უარყოფენ.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ინფორმირებულია იმ შეშფოთებების შესახებ, რომელიც გამოთქმულია არასანქცირებული ტვირთებითი ლაჩინის დერეფნით გადატანასთან დაკავშირებით და არ უჭერს მხარს ასეთ საქმიანობს. არცერთ ავტომობილში, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ეკუთვნის, არ იყო აღმოჩენილი არასანქცირებული ტვირთი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც მედია იუწყება, ოთხი დაქირავებული მძღოლი ცდილობდა, მთიან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გადაეტანა კომერციული ტვირთები მათი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით, რომელზეც დროებით იყო მიმაგრებული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ემბლემა.
„ეს პირები არ არიან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლები და კომიტეტმა მათთან დაუყოვნებლივ გაწყვიტა საქმიანი კონტრაქტები. ჩვენი სამუშაო ლაჩინის დერეფანში ყოველთვის ატარებს მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ლაჩინის დერეფანი ერთადერთ გზაა, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. 2023 წლის აპრილში ბაქომ ლაჩინის ხაკარის ხიდზე გახსნა გამშვები პუნქტი და ამის მიზეზად „ცოცხალი ძალის, იარაღისა და ნაღმების უკანონო გადატანის აღკვეთა დაასახელა“.
სომხეთი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანი არღვევს 2020 წელს მოსკოვში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას. ამასთან, ერევანი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს აღებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ლაჩინის დერეფანს რუსი სამხედროები უნდა აკონტროლებდნენ.