ვაკის პარკის შადრევანზე “გრინსერვის პლუსმა”  სამუშაოები შეასრულა, ამ სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი იყო, როგორც ხელშეკრულებით, ისე კანონმდებლობით “გრინსერვის პლუსი”, – ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

პროკურორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძირითად და უმთავრეს ნაწილში ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა და ბრალდებული 9 პირიდან 8 დამნაშავედ ცნო, მათ შორის, “გრინსერვის პლუსის” დირექტორის მიმართ წარდგენილი ბრალდებები სრულად გაიზიარა, ასევე სრულად გაიზიარა მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილის მიმართ წარდგენილი ბრალდება.

ამასთან, არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, რის საფუძველზე გამოიტანა სასამართლომ 9 ბრალდებული პირიდან მხოლოდ ერთის, ვალერი გობეჯიშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი.

“რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენს ერთი პირის მიმართ, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პირი იყო შემდუღებელი ხელოსანი, ის ძმასთან [გიორგი გობეჯიშვილი ] ერთად მონაწილეობდა შედუღების სამუშაოებში, მისი როლი ძმასთან შედარებით ნაკლები იყო ამ სამუშაოსთან მიმართებაში. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი ბრალეულობა არ დასტურდებოდა. თუმცა, როდესაც ბრალდების მხარე მიიღებს განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს, გაეცნობა და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ნაწილში განაჩენის გასაჩივრების თაობაზე”, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

მან ჟურნალისტებთან ისაუბრა “გრინსერვის პლუსის” მხრიდან პროკურატურის მიმართ არსებულ კითხვებზე, თუ რატომ არ გამოკითხა ბრალდების მხარემ უცხოელი კომპანიის წარმომადგენელი, კერძოდ ჩინეთის მოქალაქე მომხდარ ტრაგედიაზე და ეკისრებოდა თუ არა ამ უცხოელ კომპანიას პასუხისმგებლობა.

პროკურორის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებით, ხელშეკრულებებით აღნიშნული პირის პასუხისმგებლობა არ იკვეთება.

“ეს პირი არ იმყოფება საქართველოში, დანაშაულის ჩადენის დროს უკვე დატოვებული ჰქონდა საქართველოს საზღვრები. მისი პასუხისმგებლობა საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ამ ეტაპზე, არც ერთ ნაწილში არ იკვეთება. ამ სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო “გრინსერვის პლუსი”. სწორედ “გრინსერვის პლუსმა” შეასრულა ის სამუშაოები და მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა მერიის საქალაქო სამსახურთან. შესაბამისად, შუალედურო რგოლი, ამ შემთხვევაში, არ იყო რელევანტური. თუმცა, საქმე არის გამოყოფილი, გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს დაესმება ლეგიტიმური შეკითხვები და ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება, ყველა პირი აუცილებლად მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში”, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით “გრინსერვის პლუსი” ვალდებული იყო დამატებით სამუშაოებზე ჩაეტარებინა ექსპერტიზა თუმცა, ხელმძღვანელმა ეს არ გააკეთა.

“ის ექსპერტიზა, რომელიც ჩაატარა მის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაყალბებული იყო. სასამართლომ ამ ნაწილშიც გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ამ ნაწილშიც დამნაშავედ იქნა ცნობილი “გრინსერვის პლუსის” დირექტორი. ანუ იმ სამუშაოებზე, რომელზეც ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო ესეც კი გაყალბდა. შესაბამისად, ყველანაირი პასუხისმგებლობა ამ შადრევნის ხარისხზე და უსაფრთხოებაზე ეკისრებოდა “გრინსერვის პლუსს”- განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა. უფრო კონკრეტულად, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ:

“გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 – წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.