საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 3 ივლისს, „ჯარის ბანაკი“ გახსნა და ახალგაზრდებს მიმართა. პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში განაცხადა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ახალგაზრდებისთვის „ძალიან ბევრი საცდურია“ და მათ თავიდანვე სწორი ორიენტირები უნდა განუსაზღვრონ.
„ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებიდან ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია უნდა შევიტანოთ რომ ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში ამას გარდა მე მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას.
დღევანდელ მსოფლიოში და დღეს, ბუნებრივია, საქართველოც ამ გლობალიზაციის ნაწილია, ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის და თავიდანვე საჭიროა სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში ჩვენი, როგორც სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს ჩართულობა და მათი როლი. მიმაჩნია, რომ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან.“ — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში ბანაკში ჯამში 800 მოსწავლე გაემგზავრება და თითო როტაციაში 100 ბავშვი იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
მსგავსი რამ ღარიბაშვილმა 2019 წელსაც თქვა, როცა თავდაცვის მინისტრად ნიშავდნენ.