მიგრანტების, ტურისტების და ფულადი გზავნილების შემოდინება – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც „პიემსი კვლევითი ცენტრის“ „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ II კვარტლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კვლევაში ჩართულმა ეკონომისტებმა ლარის გამყარების მიზეზად დაასახელეს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში/კვირებში ლარი გარკვეულწილად გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებით, 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით გამყარებულია.
რაც შეეხება ცალკეულ ფაქტორებს, გამოკითხულ ეკონომისტთა დაახლოებით 90%-მა 2023 წლის მეორე კვარტალში ლარის გამყარებაზე მაღალ ან ძალიან მაღალი ზემოქმედების ფაქტორად მიგრანტების შემოდინება დაასახელა.
ეკონომისტთა თითქმის 80% ფულადი გზავნილების შემოდინებას, როგორც ვალუტის გამყარების გამომწვევ მნიშვნელოვან ფაქტორს, უსვამს ხაზს. ეს ფაქტორი გამოკითხულთა 42%-მა დაასახელა როგორც ძალიან მაღალი გავლენის მქონე, ხოლო 37%-მა – მაღალი გავლენის მქონედ.
გამოკითხულთა უმეტესობამ (74%) ასევე, აღნიშნა, რომ ტურისტების შემოდინებამ ეროვნული ვალუტის გამყარებაზე მაღალი ან ძალიან მაღალი გავლენა იქონია.
ამავდროულად, ლარის სიმყარეზე მოქმედ ფაქტორებს შორის ექსპერტთა 58% თვლის, რომ ექსპორტი, 48% კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ზრდას დაბალი გავლენის მქონე ან საერთოდ გავლენის არმქონე ფაქტორებად მიიჩნევენ.