გადატვირთული და ხმაურიანი ქუჩებისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება კერძო სახლში გადასვლაა. თუ თქვენც იმ იღბლიან ადამიანებს შორის ხართ, ვისაც საკუთარი სახლის ფუფუნება აქვს, დამეთანხმებით, რომ არაფერი შეედრება საკუთარი სივრცის ქონას და გარესამყაროს ქაოსისგან იზოლირებულად ცხოვრებას.

სულიერ სიმშვიდესა და კომფორტთან ერთად, კერძო სახლს დამატებითი სიკეთეების მოტანაც შეუძლია თქვენთვის, თუ, რა თქმა უნდა, ამ ძვირფას შესაძლებლობას ჭკვიანურად გამოიყენებთ.

კერძო სახლის უდიდესი პლიუსი საკუთარი ეზოს ქონაა. შეიძლება, აქამდე არ გიფიქრიათ, მაგრამ კომფორტულად მოწყობილ ეზოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია.

ყვავილების ბაღი

თუ ერთ დროს თქვენც მეოცნებე ბავშვი იყავით, ალბათ, ყოველთვის წარმოგედგინათ საკუთარი სახლი, რომლის გარშემოც ფერად-ფერად ყვავილებს გააშენებდით და მათი სურნელით დატკბებოდით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოცნების განხორციელებას წინ არაფერი უდგას, რადგან უკვე კერძო სახლის პატრონი ხართ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ეზო ზედმეტად პატარაა ყვავილების ბაღისთვის, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ სულაც არაა საჭირო განსაკუთრებულად დიდი სივრცე თქვენი საყვარელი ყვავილების გასაშენებლად.

საკუთარი ხილ-ბოსტანი

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მიწასთან მუშაობა ადამიანისთვის ერთგვარი თერაპიის ტოლფასია. დღეს, როდესაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით მაღალი სტრესის ქვეშაა, საკუთარი ბოსტნეულის მოშენება ფინანსურ შეღავათთან ერთად სულიერ სიმშვიდესაც მოგიტანთ.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ საკუთარი შრომით მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს სულ სხვანაირი გემო აქვს. გემოვნური თვისებების გარდა, იმაშიც იქნებით დარწმუნებული, რომ პროდუქტი სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ხილბოსტნეულის გაშენება გონებასაც გაგივარჯიშებთ. თითოეულ პროდუქტს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, ამისთვის კი ხილისა თუ ბოსტნეულის თავისებურებების გამოკვლევა, დათესვის მეთოდების შესწავლა და მოვლის ტექნიკებში გაწაფვა დაგჭირდებათ.

მოსასვენებელი სივრცე

ყველა ვთანხმდებით, რომ ზაფხულის საღამოს ჰამაკში ჩაწოლა და მზის ჩასვლის ყურება, საყვარელი წიგნის კითხვა ან უბრალოდ წაძინება კომფორტის მწვერვალია. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამ მწვერვალის დასაპყრობად უბრალოდ ჰამაკი და ორი მყარი ძელი დაგჭირდებათ. თუ დასვენება სხვებისთვისაც გემეტებათ, რამდენიმე ჰამაკი შეიძინეთ და შორიხლოს ჩამოკიდეთ ან მოსასვენებელი სივრცე კომფორტული სკამებით და მაგიდით შეავსეთ.

თუ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვებიც გყავთ, ალბათ სიმშვიდე თქვენთვის შორეული ცნებაა. ჰარმონიული მომენტებით სიამოვნების მისაღებად თქვენი პატარებისთვისაც გამოყავით გასართობი სივრცე, სადაც საქანელას, სათამაშოებს და სხვა გასართობ საშუალებებს მიუჩენთ ადგილს. ამ გზით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება და არც თქვენი და არც თქვენი ბავშვების სულიერ სიმშვიდეს დაემუქრება საფრთხე.

დეკორაციები

ბუნებრივ ყვავილებთან ერთად ხელოვნური დეკორაციებიც არ დაივიწყოთ. შეგიძლიათ საკუთარი ეზო ხელოვნური სოკოებით შეავსოთ, რომლებიც მზის სინათლეზე იტენება და შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში დატკბეთ მათი ულამაზესი განათებით.

მართალია, მანათობელი სოკოები ზღაპრულ ეფექტს ქმნის, მაგრამ მათ ეზოს განათება არ შეუძლიათ. ამიტომ, მაქსიმალური კომფორტისთვის შესაბამისი ნათურებით გააწყვეთ სივრცე და ნუ შეგეშინდებათ, რომ თქვენს კრეატიულ გონებას გასაქანი მისცეთ.

თუ კიდევ უფრო შორს გინდათ წასვლა, შეგიძლიათ ხეზე ჩამოსაკიდი ჩიტების სახლი შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ. მცირე ზომის ბიუსტების დამატებით კი თქვენი კერძო სახლის ეზოს ხელოვნების ნიმუშად გადააქცევთ.

გარე სამზარეულო

თუ თქვენი ფართი გარე სამზარეულოს მოწყობის საშუალებას გაძლევთ, გირჩევთ, ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენოთ. თუ მეგობრების შეკრების საყვარელი სივრცე თქვენი სახლია, გარე სამზარეულო თქვენი საუკეთესო ინვესტიცია გახდება.

ამასთან, ზაფხულობით სამზარეულოს გამოყენება ცხელი კერძების მოსამზადებლად არც ისეთი კომფორტული პროცესია, მით უმეტეს, თუ სტუდიოს ტიპის ბინა გაქვთ და სიცხე მთელ სახლში ტრიალებს. ერთი სიტყვით, გარე სამზარეულოს საშუალებით ამ დისკომფორტის აცილებაც შეგიძლიათ.

ძაღლის სახლი

დაბოლოს, არც თქვენი ოთხფეხა მეგობრები დაივიწყოთ და ეზოში მათთვისაც გამოყავით პატარა სივრცე, სადაც მოსვენებას და თავიანთი სათამაშოებით დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ. თუ ზაფხულობით ძილი გარეთ ურჩევნიათ, არც ამაზე უთხრათ უარი და მათთვის ძაღლის სახლის მოწყობაზეც იზრუნეთ.

შეჯამება

კერძო სახლი დღეს მართლაც უდიდესი ბედნიერებაა. არ დაიზაროთ ეზოს მოწყობა და თქვენვე ნახავთ, როგორ შეუძლია სულ პატარა დეტალებსაც კი თქვენი ყოველდღიური ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.