რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გააუქმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში გამოცხადებული „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“. ის 24 ივნისს აამოქმედეს, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის რეგულარული არმია დაადანაშაულა „ვაგნერელებზე” სარაკეტო დარტყმაში, დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავა და „სამართლიანობის მარშით” მოსკოვისკენ წასვლა გადაწყვიტა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოსკოვის სამმართველოს დღევანდელ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მოსკოვის რეგიონში ვითარება სტაბილურია და „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი” გაუქმებულია დილის 9 საათიდან. ანალოგიური რეჟიმი გაუქმდა რუსეთის ვორონეჟის ოლქშიც.