ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება – ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ, ეს დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
პროექტით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ამ ნაწილთან მიმართებაში კონკრეტდება, რომ თუ ეს ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ან ორი ან მეტი ცხოველის მიმართ, ეს დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
კანონპროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი, მაია ბითაძე, დავით მათიკაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი. აღნიშნული დეპუტატები განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.