კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ როსტოვს აკონტროლებს, სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, აეროდრომს. რუსეთის დედაქალაქში, ასევე, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.
ვორონეჟისა და როსტოვის ოლქების გუბერნატორების განცხადებით, რეგიონებში მასობრივი ღონისძიებები გაუქმდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომაგისტრალზე საცობებია შექმნილი. გუბერნატორები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, უახლოეს დროში იგეგმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვა.
პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და თავდაცვის მინისტრი შოიგუ დაადანაშაულა „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპირებს გაარკვიოს, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყოს „სამართლიანობის მარში“. პრიგოჟინი უარყოფს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება აქვს განზრახული და ირწმუნება, რომ უამრავი სამხედრო მას მხარს უჭერს.
სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.