მარგარეტ ტეტჩერის ცენტრში საქართველოში პროექტის „Fake No More“-ის  ფარგლებში თემაზე „როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოში“ დისკუსია გაიმართა.

დისკუსიაზე მედიის განვითარების ფონდის (MDF) მკვლევარმა მაიკო რატიანმა რუსეთის გავლენით საქართველოში გავრცელებულ პროპაგანდაზე, პროპაგანდისტულ ღონისძიებებსა და მის გავლენაზე ისაუბრა.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსული პროპაგანდა საკმაოდ აქტიურად ვრცელდება. რუსები ამისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებენ: მედია პლატფორმებიდან დაწყებული პოლიტიკური ჯგუფებით დამთავრებული, რომლებიც ქვეყნის შიგნით იცავენ რუსეთის ინტერესებს და პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ, მოსახლეობას რეალობისგან აშორებენ“, – განაცხადა რატიანმა.

MDF-ის (მედიის განვითარების ფონდის) ერთ-ერთმა მკვლევარმა, სანდრო გიგაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი ძირითადად სამი მიმართულებით მუშაობს: პირველი შიშის დანერგვაა, ცდილობს საქართველო ომით და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვით შეაშინოს. მეორე დასავლეთში ხალხის იმედის დაკარგვაა. რუსეთი ასევე ცდილობს საქართველო დაარწმუნოს, რომ პირისპირ მოლაპარაკებები და ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის საუკეთესო ვარიანტია.

პროპაგანდის გავლენის შესახებ საუბრისას რატიანმა განმარტა, რომ რუსული პროპაგანდის მიუხედავად, უკანასკნელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დასავლეთზე ორიენტაციის მომხრეა, რაც რუსული პროპაგანდის ახალ ტალღას და გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

“საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა: ან ჩრდილოეთის საფრთხეები უნდა დააიგნოროს, რომლებიც რეალურია, და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორის დაკარგვის მიუხედავად დასავლეთისკენ იაროს, რომელიც ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით ასევე ლიდერია, ან რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩეს”,- განაცხადა რატიანმა.

დისკუსიისას ეთნიკურ უმცირესობებსაც შეეხო, რომელიც რუსული პროპაგანდისგან დაუცველ ჯგუფებად ითვლება, რადგან ინფორმაციას რუსული წყაროებიდან იღებს.

კითხვაზე, მზად არის თუ არა საქართველოს მოსახლეობა რუსულ პროპაგანდას არ დაემორჩილოს, რატიანმა უპასუხა:

„რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები და საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა არ გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ მას ვერ ვებრძვით და საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მზად არ არის მისი გავლენა აირიდოს“.

შეხვედრის დასასრულს რატიანმა თქვა, რომ არჩევანი საქართველოს მოსახლეობაზეა და ძნელი სათქმელია, რა გავლენას იქონიებს რუსული პროპაგანდა მოსახლეობის არჩევანზე, რადგან გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პროპაგანდამ სასურველი შედეგი არ გამოიღო, ხოლო საქართველოს მოსახლეობამ გეზი დასავლეთისკენ აიღო.