საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვaრამია შეიწყალა. ზურაბიშვილის თქმით, გვარამიას შეწყალების აქტს დღეს, 22 ივნისს მოაწერა ხელი.
“ეს გადაწყვეტილება იმის შემდეგ მივიღე, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. მე არ ვაპირებ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე რაიმე ახსნა გაგიზიაროთ. ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ.
მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ევროპარლამენტში ვთქვი, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება”, — განმარტა ზურაბიშვილმა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.
მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.
2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.