ჯანდაცვის სამინისტრომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონი მოამზადა, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა მიეცემა, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შევიდეს მის კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო დაწესებულებებში, შეამოწმოს და თუ საჭიროდ მიიჩნევს, დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღოს. კანონპროექტის თანახმად, ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარება და მას გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან, დაიცვან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტები, წესები და ნორმები, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ არის უზრუნველყოფილი მათი მხრიდან.

“სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს” სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა, ეკა ბოჭორიშვილმა ის მიზეზები ახსნა, რის გამოც კანონში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. როგორც ბოჭორიშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ ჟურნალისტებს განუცხადა, დარღვევების დადგენის შემთხვევაში, კლინიკები მათ გამოსწორებას არ ცდილობენ, რის გამოც პაციენტები ზარალდებიან.

“სახელმწიფო პროგრამების რევიზია შემოწმების შედეგად დადგენილი საჯარიმო სანქციების აღსრულება ხანგრძლივდება, ვინაიდან დაწესებულებები სხვადასხვა ინსტანციაში ასაჩივრებენ. შესაბამისად, დროში ხანგრძლივდება. მაგალითად ავიღოთ ამბულატორიული დაწესებულება, რომელიც ვალდებულია მოთხოვნილი პირობები დააკმაყოფილოს. თუ დადგინდება, რომ ვერ აკმაყოფილებს, 200-დან 500 ლარამდე ჯარიმდება. ჯარიმა იმ დარღვევების ადეკვატური არ არის. შესაბამისად, დაწესებულებებს ყოველთვის ჰქონდათ განცდა, გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, გაორმაგებული ჯარიმა გადაეხათ, ვიდრე ხარვეზები გამოესწორებინათ.

ცვლილება ითვალისწინებს, აღნიშნული ჯარიმა 5000 ლარი გახდეს, რაც უფრო ადეკვატურია, ჯარიმების გადახდის ნაცვლად, ხარვეზები გამოასწორონ”, – განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ჯანდაცვის სამინისტროს სურს, ის დაჩქარებული წესით მიიღონ.

„ბევრი საჩივარი შემოდის პაციენტების მხრიდან. საჩივრების განხილვის დროს, ვხედავთ, რომ სამედიცინო ოქმში სხვა წერია, ექსპერტიზა სხვას ამბობს. ამან გამოიწვია, რომ დაჩქარებული წესით განხილულიყო ცვლილება“, – აღნიშნა ეკა ბოჭორიშვილმა.