19 ივნისს სომხეთის ეროვნული შეკრების საგარეო ურთიერთობათა კომისიამ სხდომაზე სომხეთისა და საქართველოს შეთანხმება დაამტკიცა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ სომხეთ-საქართველოს საზღვარი ID ბარათით, საერთაშორისო პასპორტის წარდგენის გარეშეც გადაკვეთონ. ინფორმაციას azatutyun.am-ი ავრცელებს.

ჯერ-ჯერობით პირები ქვეყნებში მხოლოდ ID ბარათით ვერ შევლენ, რადგან შეთანხმების სრულ ამოქმედებამდე რამდენიმე ნაბიჯია დარჩენილი.

შეთანხმება „სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების პირადობის მოწმობით ორმხრივი გამგზავრების შესახებ“ 2023 წლის 12 იანვარს საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ ინიცირდა. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დოკუმენტს ხელი მოაწერა; საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმი გამარტივდება და მოქალაქეები საზღვარს ID-ბარათით გადაკვეთენ. თუმცა შეთანხმება ჯერ არ მოქმედებს, ვინაიდან იგი ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული და ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

საქართველოს პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა. ახლა მხოლოდ პრეზიდენტთა ხელმოწერას ელიან.