სტეპანაკერტში ბავშვებმა მშობლებთან ერთად ფლეშმობი გამართეს და საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ მიმართეს, გაიღონ ძალისხმევა მათი უფლების დასაცავად, ჰქონდეთ მშვიდობა.

ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან ლაჩინის კორიდორით აკავშირებს, ნახევარი წელია დაკეტილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

ოფიციალურ შეხვედრებზე აზერბაიჯანი უარყოფს გზის ჩაკეტვას და ირწმუნება, რომ ლაჩინი-ხანქენდი [სტეპანაკერტი სომხური სახელწოდება] გზა ღიაა და მასზე საერთაშორისო ნორმების დაცვით მოწყობილი გამშვები პუნქტი რუსი სამშვიდობოების პოსტისგან 20 მეტრის მოშორებით მუშაობს. თუმცა, ადგილობრივთა მონაყოლით, არ არსებობს რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა სტეპანაკეტრიდან ერევანში და ლაჩინის კორიდორის კვეთა მხოლოდ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მანქანებისთვის არის შესაძლებელი.

როგორც გამოცემა კავკაზსკი უზელი წერს, აქციის მონაწილეები გამოვიდნენ პლაკატებით სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, წარწერებით: “გვინდა მშვიდობიანი ცხოვრება”, “ნუ გვართმევთ სიცოცხლის უფლებას”, “30 ათასი ბავშვის უფლება ირღვევა”, “გაგვიხსენით სიცოცხლის გზა”.

აქციის მონაწილეებმა ასევე მიმართეს საერთაშორისო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდს – იუნისეფს.

 

ყარაბაღში აქციაზე პლაკატები ქართულ ენაზეც გამოიტანეს

“აქ ცხოვრებას დიდხანს ვეღარ შევძლებთ” – ფოტორეპორტაჟი ყარაბაღიდან