აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა საქართველო იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომელთა გავლითაც რუსეთი დასავლურ სანქციებს გვერდს უვლის.
მისი თქმით, ისეთი დასავლური მიკროჩიპებისა და ელექტრონული მოწყობილობების ექსპორტი, რომლებიც რუსეთს სამხედრო წარმოებისთვის ჭირდება, უკრაინაში შეჭრის წინა მაჩვენებელს დაუბრუნდა.
ამის მიზეზი, ჯეიმს ო’ბრაიენის თანახმად ისაა, რომ დასავლური კომპანიები აკრძალულ პროდუქციას ჯერ მესამე ქვეყნებში ყიდიან, საიდანაც მათ უკვე რუსები ყიდულობენ.
რამდენადაც ამ ქვეყნებს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებიათ, საბოლოო ჯამში, რუსეთს საჭირო დასავლური პროდუქციის შესყიდვა უპრობლემოდ გამოსდის.
იმ ქვეყნებს შორის, რომელთა გავლითაც რუსეთი ამ სქემით სანქციებს გვერდს უვლის, ო’ბრაიენმა თურქეთთან, ყაზახეთთან, სომხეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ერთად საქართველო დაასახელა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მაგალითებზე დაყრდნობით საუბრობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი და რა კონკრეტული პროდუქციის ექსპორტზეა საუბარი.
ამ ეტაპზე დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს, სომხეთისა და ყაზახეთის ვაჭრობა რუსეთთან მნიშვნელოვნად გაზრდილია.