ახალციხე დასაქმების პირველ რეგიონულ ფორუმს 30 მაისს უმასპინძლებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში გაეცნონ როგორც ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი ბიზნესის აქტიურ ვაკანსიებს. ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სკვერში 13:00 საათიდან დაიწყება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი იმართება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით.
ფორუმის გარდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 29 მაისს ახალციხეში პირველ სერვისცენტრს გახსნის, რაც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად გაეცნონ რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს, სერვისებსა და პროგრამებს, რომლებსაც სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივ დამსაქმებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან საინფორმაციო შეხვედრა. სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
სამინისტროს ცნობით, საინფორმაციო შეხვედრები და დასაქმების ფორუმები თბილისსა და რეგიონებში მუდმივად იმართება. აპრილში ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, ახალციხის შემდეგ კი დასაქმების ფორუმს კახეთი უმასპინძლებს.