ახალქალაქში ვერ იგრძნეს, რომ თურქეთიდან პირველმა სატვირთო მატარებელმა გაიარა, რომელიც ჩინეთში გაემართა. 42 ვაგონიდან უმეტესობა ცარიელი იყო, მათ ჩინეთში შეავსებენ, როდესაც საქონელს ლონდონში გადაამისამართებენ, ამის შესახებ JNEWS-ს “ახალქალაქის” სადგურის თანამშრომელმა განუცხადა, რომელიც რელსების შეცვლაზე მუშაობს.
9 დეკემბრის ღამით თურქეთიდან სატვირთო მატარებელი ახალქალაქში ჩამოვიდა, ახალქალაქის სადგურში შუაღამეს დაიწყეს რელსების შეცვლა. ევროპული ტიპის ვიწრო რელსები ძველი ტიპის ფართო რელსებით ჩაანაცვლებს, რადგან ახალქალაქიდან თბილისის მხარეს რკინიგზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო თურქეთიდან ახალქალაქამდე ახალი გზა ახალი სტანდარტებით აშენდა. რელსების შეცვლის სამუშაოები 7:00 საათზე დასრულდა. როგორც რელსების გამოცვლაზე მომუშავემ თქვა, 42 კონტეინერისგან შემდგარი სატვირთო მატარებელი ექსპერიმენტულია, ტესტირებას გადის , თუ 8 693 კილომეტრიან გზას დროის რა მონაკვეთში დაფარავს. მისივე თქმით, კონტეინერებში ძირითადად იყო ელექტროტექნიკა და სხვა საქონელი, კონტეინერების უმეტესობა იყო ცარიელი, მათ ჩინეთში შეავსებენ.
კარწახში და დადეშში სატვირთო მატარებლის გავლა ადგილობრივ მოსახლეობას არ გაუგია. მათივე თქმით, არ სმენიათ და არ დაუნახავთ.
“მე რკინიგზიდან 15 მეტრში ვცხოვრობ, არ დამინახავს და არაფერი გამიგონია”, – ამბობს სოფლის მცხოვრები.
თურქული მედიის ინფორმაციით, ექსპერიმენტული სატვირთო მატარებელი თურქეთიდან 4 დეკემბერს გამოვიდა და 8 693 კილომეტრის სიგრძის ტრანსკასპიურ მარშრუტს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გავლით გადაკვეთს.
ახალქალაქში გაჩერების შემდეგ სატვირთო მატარებელი აზერბაიჯანში ჩავა, შემდეგ ყაზახეთში და საბოლოოდ, ჩინეთის პროვინცია სიანში გაჩერდება.