საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა, რომლის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას და ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, ასევე, გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფელს მიენიჭება.
ცვლილებების პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კანონში შეიცვლება მაღალმთიანი დასახლების და ასეთ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ჩვენი ქვეყნის კიდევ 58 სოფელს შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება, 25,000-ზე მეტ ადამიანი კი შეძლებს ისარგებლოს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით.
ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,737 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 250,000-მდე მოქალაქე.
უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.
2016 წლიდან დღემდე, კანონით დაწესებული სხვადასხვა სოციალური შეღავათის ფარგლებში, ახალშობილისთვის დახმარების სახით გაიცა თითქმის 27 მილიონი ლარი; 97 მილიონი ლარამდე ოდენობის დანამატი სახელმწიფო პენსიაზე მიიღეს პენსიონერებმა; გაიცა სოციალური პაკეტის დანამატი 12.1 მილიონი ლარის ოდენობით; 14 მილიონზე ლარზე მეტი გაიცა სამედიცინო პერსონალზე; 90 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა 24.1 მილიონი ლარის შეღავათით ელექტროენერგიაზე; 48.3 მილიონი ლარის გაიცა მასწავლებლებისთვის და 687 000 ლარი მწვრთნელებისათვის. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს უკვე 401 საწარმო.
კანონის ამოქმედებიდან დღემდე მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი შეღავათებს 309,964,789 ლარი მოხმარდა.
გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია. სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უკვე ორი წელია, 11 დეკემბერს, საქართველოში, მთის დღე აღინიშნება.