18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავაჩქაროთ გარკვეული ნაბიჯები. ამ შესაძლებლობის ფარგლებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზისა და ესთეტიკის სალონები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის გეგმა შეიმუშავა, რომელიც 7 პუნქტისგან შედგება. ახალ ეტაპზე გადასვლა ეპიდემიური ვითარების მიხედვით მიმდინარეობს.
27 აპრილიდან, საქართველოში დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსით გადაადგილება, მუშაობა დაიწყეს ინტერნეტ-მაღაზიებმა. დაშვებულია ნებისმიერი სახის საქონლის მიტანა. გაიხსნა ღია ბაზრობები.
5 მაისიდან სამუშაოს დაუბრუნდნენ მშენებელი კომპანიები, გაიხსნა ავსომობილების სახელოსნოები და სამრეცხაოები.
11 მაისიდან მუშაობა განაახლა ყველა სახის საწარმომ, ასევე, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებმა, რომლებსაც შესასვლელები ქუჩიდან აქვთ განთავსებული. შეზღუდვები ჯერ კიდევ ძალაში რჩება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის, ასევე დიდი სავაჭრო ცენტრებისთვის.
დღეიდან შესვლა-გამოსვლა აღდგენილია ქალაქებში – რუსთავი და გარდაბანი. თბილისი 11 მაისს გაიხსნა, ბათუმი და ქუთაისი კი – 5 მაისს. ყველა ამ ქალაქში შეზღუდვები 15 აპრილიდან დაწესდა. 18 მაისს გაიხსნება მარნეული, სადაც 23 მარტიდან მკაცრი კარანტინის რეჟიმის მოქმედებს.
სავარაუდოდ 15 მაისიდან აღდგება შიდა ტურიზმიც, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო ტურისტებს უცხოეთიდანაც მიიღებს.