„წამალი ბავშვებს“ – ამ ლოზუნგით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერმა აქციამ საქართველოს პარლამენტის წინ გადმოინაცვლა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შეძენას სთხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით მშობლების სიტყვით გამოსვლები იგეგმება.
აქციაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და ახლობლების გარდა მონაწილეობენ სტუდენტები და საზოგადოების სხვა აქტიური წევრები, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილი.
აქონდროპლაზია არის გენეტიკური დარღვევა, რომლის ძირითადი გამოვლინება არის დვორფიზმი. აქონდროპლაზიის მქონე ადამიანების ხელები და ფეხები მოკლეა, ხოლო ტანი, ჩვეულებრივ, ნორმალური სიგრძისაა.
აქონდროპლაზია განაპირობებს არაპროპორციულ ზრდას და მოკლე კიდურებს. იგი გამოწვეულია ერთ-ერთი გენის სტრუქტურის ცვლილებით, რაც იწვევს ამ გენით კოდირებული ცილის გაძლიერებულ წარმოქმნას. ეს კი, თავის მხრივ, ბავშვის ზრდის პროცესში ხრტილის ძვლად გარდაქმნას აფერხებს, კიდურების ძვლების შენელებულ ზრდას იწვევს და, ამასთან, დაკავშირებულია ბევრ სხვა სიმპტომთან.