საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგარეო უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში მოხდება მათი გადაყვანა ეგვიპტეში და გამომგზავრება საქართველოში.

„ახლა საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან სუდანისა და ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. ველოდებით, რომ მათ უკვე დატოვონ სუდანი და გადავიდნენ ეგვიპტეში, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება სამშობლოში, საქართველოში.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საელჩოების, პარტნიორებისა და კომპანიების ჩართულობით, ეს ევაკუაცია განხორციელდა წარმატებით და საქართველოს არცერთი მოქალაქე დღეს სუდანში არ იმყოფება. ამ ქვეყნიდან ყველა უსაფრთხოდ არის გამოყვანილი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.