ბოლო დროს ევროპაში მაიმუნის ჩუტყვავილას აფეთქება დაფიქსირდა. ზოგიერთმა ქვეყანამ კარანტინი გამოაცხადა. რა დაავადებაა ეს, გვაქვს შეშფოთების საფუძველი თუ არა და რა ვქნათ? – ამ და სხვა ბევრ რამეზე Jnews-ს ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი, გაიანე ისპირიანი ესაუბრა.
მაიმუნის ჩუტყვავილა ინფექციური დაავადებაა. ის პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს დანიაში, მაგრამ, როგორც ცალკე დაავადება 1970 წელს დარეგისტრირდა. დაავადება ითვლება ენდემურად, ანუ მას აქვს თავისი ბუნებრივი კერა და ტერიტორია, დაფიქსირდა მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში. მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ევროპაში დაიწყო გავრცელება.
„მეცნიერებისთვის ეს ფაქტი ძალიან საინტერესოა და ისინი უკვე სწავლობენ, თუ როგორ დაიწყო მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელება ევროპაში. ადრე, მხოლოდ მაიმუნები ავადდებოდნენ, მღრღნელები კი გადამტანები იყვნენ. როგორ გადავიდა ადამიანებზე, მუტაცია განიცადა თუ არა, ვერავინ იტყვის. ზოგადად, ბევრი საკითხია შესასწავლი“, – ამბობს ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი, გაიანე ისპირიანი.
როგორ ინფიცირდება ადამიანი?
ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ჰაერ -წვეთოვანი გზით და კონტაქტით. მაიმუნის ჩუტყვავილა ძირითადად ვრცელდება კონტაქტის გზით, რაც თავის მხრივ პირდაპირი და მყისიერია. ან საყოფაცხოვრებო ნივთების საშუალებით, თუ მათ ინფიცირებული იყენებს და არ გაუკეთებიათ დეზინფექცია. ეპიდემიოლოგის თქმით, ინფექციის სქესობრივი კონტაქტით გავრცელებაზეც კი არის საუბარი.
ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21 დღემდე გრძელდება.
დაავადების სიმპტომები
თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა – 38,5 გრადუსი, სახსრების შეშუპება და ანთება, კუნთებისა და კიდურების ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, სისუსტე, ნევრალგია. ტემპერატურის მომატებიდან 3 დღის შემდეგ გამონაყარი ჩნდება სახეზე, ასევე ხელისგულებსა და ფეხებზე, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და სასქესო ორგანოებზე. თანდათანობით, გამონაყარი იღებს ფისტულების ფორმას, შემდეგ ქერქით იფარება. კანზე გამონაყარი საშუალოდ 3 კვირის განმავლობაში გრძელდება. ამ დაავადებით სიკვდილიანობა 1%-დან 10%-მდეა.
მოწყვლადი კატეგორიები არიან სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ორსული ქალები. ძირითადად მოზრდილებში ვლინდება მსუბუქი ფორმით, მძიმე ფორმით გვხვდება ბავშვებში.
ეპიდემიოლოგის თქმით, ჩუტყვავილას ვირუსი არის დნმ-ის ვირუსი, რომელიც მუტაციას არ განიცდის, თუ ეს ხელოვნურად არ მოხდა.
“ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ არის საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშკარა სიმპტომები შეიმჩნევა. ახლა უკვე არსებობს ამ დაავადების ტესტები. ვაქცინა, არ ვიცი, ალბათ, ჯერ არ არის”, – ამბობს ეპიდემიოლოგი და დასძენს, რომ ადამიანები, ვინც ერთხელ გაიკეთა ვაქცინა ჩუტყვავილას წინააღმდეგ, ისინი საკმაოდ დაცულები არიან.
„ეს არის ძირითადად ზრდასრული თაობა, 1980 წლამდე დაბადებულები, აქვთ ჯვარედინი იმუნიტეტი, რაც საკმაოდ კარგად ეხმარება ამ დაავადების წინააღმდეგ, ზრდასრული თაობა, რომელიც ვაქცინირებულია, უკეთეს მდგომარეობაში არიან“, – ამბობს გაიანე ისპირიანი.
გაითვალისწინეთ, რომ ჯანმო-მ ჩუტყვავილას ვაქცინაცია 1980 წელს გააუქმა, რადგან ჩათვალა, რომ მსოფლიოში ჩუტყვავილა გაქრა.
როგორც ეპიდემიოლოგი გაიანე ფიდანიანი ამბობს, პანიკა საჭირო არ არის. მაიმუნის ყვავილი არ არის ისეთი მომაკვდინებელი, როგორც კორონავირუსი, რადგან ის სწრაფად არ ვრცელდება. გარდა ამისა, დაავადებას აქვს ძალიან გამოხატული სიმპტომები, რაც ხელს უწყობს პაციენტის ამოცნობას და მისგან დისტანცირებას.
საქართველოში მაიმუნის ყვავილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ქართველი ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ დაავადება საქართველოში ვერ შემოაღწევს.