უკვე მეორე დღეა საქართველოს წითელი ჯვრის ექიმთა გუნდი ახალქალაქშია. სოფელ ვაჩიანისა და ზაქის პაციენტებმა სამედიცინი დახმარება უფასოდ მიიღეს.
აქციას წითელი ჯვარი ახალქალაქში წელს უკვე მეორედ ატარებს.
ექიმებისთვის უმთავრესი სირთულე, როგორც შარშან, ამბულატორიის შენობებში გათბობის არარსებობა იყო, ვაჩიანში კი ამბულატორიაში წყალი არ აქვთ. ექიმებს კომუნიკაციის პრობლემაც შეექმნათ, რადგან პაციენტები ქართულად ვერ საუბრობენ, თარგმნაში მოხალისეები ეხმარებოდნენ, მაგრამ თარგმნა გაჭირდა, რადგან ექიმები პაციენტებს ერთდროულად ორ ოთახში ღებულობდნენ და მხოლოდ ერთი თარჯიმანი ჰყავდათ.
ყოველივეს მიუხედავად, პაციენტები კარდიოლოგთან, ექოსკოპისტთან და ექიმ-თერაპევტთან თავიანთ რიგს ელოდნენ. ექიმების თქმით, ამ მხარეში ადამიანები ხშირად მიმართავენ თირკმელების პრობლემებით, მარილის, კენჭისა და ქვების წარმოქმნით.
“როგორც ჩანს, ავადმყოფობები წყალს უკავშირდება, რადგან მოსულებს კენჭი, ქვები, მარილი ჰქონდათ. ბევრს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაც აწუხებს, თუმცა პათოლოგია ხშირად არ ვლიდნება, მაგრამ მწვავდება. არიან პაციენტები ღვიძლის დაავადებებით, ჰიპერტონიით. პრობლემა ისაა, რომ ადამიანები გამოკვლევას არ გადიან და არც ექიმებთან დადიან, რაც ძალიან ცუდია. ექიმთან ხშირი ვიზიტით დაავადებებს გამოვრიცხავთ ან გამოვავლენთ. სარძევე ჯირკვლის მე-4 სტადიის კიბოს მქონე ქალი გვესტუმრა, რომელიც ექიმთან აქამდე არ მისულა. მიმაჩნია, რომ ექიმი ყველა ამბულატორიულ კლინიკაში უნდა იყოს, რადგან პაციენტებს ყოველთვის არ შეუძლიათ გამოკვლევებისთვის დიდ ქალაქებსა და რეგიონულ საავადმყოფოებში იარონ. ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს. ადამიანს შეიძლება, უბრალოდ, საკმარისი ფინანსები არ აქვს“, – ამბობს წითელის წყაროს წითელი ჯვრის მენეჯერი, გინეკოლოგი ნათელა თამაზაშვილი.
ახალქალაქის წითელი ჯვრის მენეჯერის, ჰნაზიკ ავეტისიანის თქმით, ეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ექიმების მეორე ვიზიტი იყო და ამჯერად შედარებით მეტი ხალხი მივიდა, რისი სავარაუდო მიზეზიც ადგილობრივი მედიის მიერ წინასწარი ინფორმაციის გავრცელებაა.
„ვხედავთ, რომ მოსახლეობაში ექიმთან ვიზიტის დიდი მოთხოვნაა, ამიტომ რეგულარული ვიზიტების მოწყობას ვგეგმავთ“, – განმარტავს იგი.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ახალქალაქის მუნიციპალიტეტსა და წითელ ჯვარს შორის 2021 წელს გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ტარდება.