ახალქალაქში, 1 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ოფიციალურად წითელას 17 შემთხვევა ბავშვებში და 4 შემთხვევა მოზრდილებში დაფიქსირდა, თუმცა რეალურად შემთხვევები გაცილებით მეტია და ამას ექიმები ეთანხმებიან. ეპიდემიოლოგი გაიანე ფიდანიანი გვირჩევს, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა ამ სიტუაციაში.

ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის გაიანე ფიდანიანის თქმით, მათთან წითელას სიმპტომების მქონე ადამიანები ყოველდღიურად მიდიან. მისივე თქმით, ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია 15 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის ვაქცინაცია. ასევე, 72 საათის განმავლობაში ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი პირების ვაქცინაცია. გაიანე ფიდანიანი ამბობს, რომ ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფო მზად არის ვაქცინაციისთვის ექთანი გამოყოს, რათა მან შეძლოს მოსახლეობის სახლებში სიარული და ბავშვების ვაქცინაცია. ვაქცინა ორი კვირის შემდეგ იწყებს მოქმედებაა. თუ ბავშვები უკვე ავად არიან, ვაქცინაცია არ სჭირდებათ, მათ უკვე აქვთ იმუნიტეტი.

„ყოველდღე მოგვმართავენ, თუ წითელას მსუბუქი ფორმაა, მაშინ სახლში მკურნალობის უფლება გვაქვს, ხოლო გართულების შემთხვევაში, ვაგზავნით თბილისში, რადგან ინფექციური განყოფილება არ გვაქვს, უფლება არ გვაქვს ვუმკურნალოთ ასეთ ავადმყოფებს. გვაქვს ინფექციური დაავადებების ნახევარყუთი, სადაც ავადმყოფის რამდენიმე საათის განმავლობაში დატოვების უფლება გვაქვს. ხოლო თუკი კლინიკურ გართულებებს ვამჩნევთ, მაგალითად, პნევმონიას, მაღალ ტემპერატურას, რომელიც არ იწევს, მენინგიტის სიმპტომებს, თბილისში ვაგზავნით“, – ამბობს გაიანე ფიდანიანი.

ახალქალაქში წითელას პირველი შემთხვევა მაისში დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის პერიოდში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, წითელა მაინც ვრცელდებოდა. ბევრი, თუ დაავადება გართულებების გარეშე მიმდინარეობს, არ მიმართავს ექიმს.

„ზაფხულში წითელას ყველა კონტაქტი რომ აგვეცრა, ახლა სულ სხვა ვითარება იქნებოდა. ჩემი პროგნოზით, მთელი ზამთარი გვექნება წითელას შემთხვევები, გაზაფხულზე კი აფეთქება იქნება, სანამ ყველა ბავშვი არ გადაიტანს და გამოჯანმრთელდება“, – ამბობს გაიანე ფიდანიანი.

ახალქალაქში ასევე ძალიან არის გავრცელებული სეზონური დაავადება – მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადება, ეპიდემიოლოგი ასევე არ გამორიცხავს კოვიდს, რომელიც უკვე განსაკუთრებული გართულებების გარეშე გადის. მუნიციპალიტეტში სეზონური ვირუსებისა და ინფექციების გამო საჯარო სკოლებში დასწრების მაჩვენებელი შემცირდა, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი კი ერთი კვირით დაიხურა.

ეპიდემიოლოგის თქმით, ვაქცინის მიღებისთანავე ახალქალაქის საავადმყოფოში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დაიწყება. გრიპის ვაქცინაცია უფასოა იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც აქვთ დაავადების გართულებების რისკი. ესენი არიან დიაბეტის მქონე ადამიანები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები (მხოლოდ ისინი, ვინც მკურნალობენ); აივ ინფექციით/შიდსის მქონე პირები; ორგანოთა გადანერგვისა და კისტოზური ფიბროზის მქონე პირები; 60 წელზე უფროსი ასაკის პირები; ორსული ქალები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მასწავლებლები; ბავშვთა სახლების (მათ შორის მცირე ოჯახების) და მოხუცთა და მათი პერსონალის თავშესაფრების ბენეფიციარები; სამედიცინო პერსონალი და სხვა.