თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ უარს აცხადებს ფორმულას საკონტროლო პაკეტის ფლობაზე. ამის შესახებ მისი განცხადება ტელეკომპანია “ფორმულამ” დღეს, 18 აპრილს ავრცელებს netgazeti.ge.
განცხადებაში იგი ეხმაურება BBC-ის მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმად, კეზერაშვილი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
კეზერაშვილი უარყოფს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმიანებულ ბრალდებებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლები დარწმუნებული იყვნენ, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია, დაშვებები კი- უსაფუძვლო.
განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ არ გეგმავს საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გასვლას, თუმცა “ფორმულაში” მისი წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს:
“ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას, ჩემი დახმარების პარალელურად, ტელეკომპანია „ფორმულას“ მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორის ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია). გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს”, – აცხადებს კეზერაშვილი.
მისი თქმით, “ოლიგარქიული მმართველობის” დასრულების შემდეგ ფორმულას კოლექტივს სრულად გადასცემს დარჩენილ წილსაც.
“ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში”, – განმარტავს ის.
კეზერაშვილის თქმით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე საქართველოს ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია. ის აღნიშნავს, რომ მზად არის ითანამშრომლოს ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდოს იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც “რეალურად არიან ჩართული საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში”.
განცხადებაში კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის “პერსონალური სამიზნეა”, რადგან “ქართული ოცნებისთვის” განსაკუთრებით საფრთხის შემცველია “რუსული ოლიგარქიული რეჟიმისგან” დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტები, პოლიტიკური პარტიები, მედია და სამოქალაქო სექტორი.
“ოლიგარქის პერსპექტივიდან დღეს საფრთხეა ყველგან, სადაც ის არ არის, რასაც ის ვერ აკონტროლებს, რასაც დემოკრატიულობისა და დასავლური ღირებულებების შინაარსი შეიძლება ჰქონდეს.
ამ ფონზე მე არ მაქვს შეკითხვა, რატომ გავხდი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სამიზნე. რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით ხდება – პოლიტიკური თანამდებობის პირების უსაფუძვლო კამპანიური განცხადებები, კლანური სასამართლოს გადაწყვეტილებები, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ყოველდღიური ცრუ ბრალდებები – არის ნიშანი იმისა, რომ ერთ-ერთი მსხვილ სამიზნედ ვარ შერჩეული და ხელისუფლებას ნებისმიერ ფასად უნდა ჩემი, როგორც საქმიანი რეპუტაციის დაზიანება, ასევე, რეალური მიზნების ბინძური მეთოდებით ინტერპრეტირება”, – აღნიშნავს კეზერაშვილი.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი განცხადებაში ასევე ახსენებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის ფარგლებშიც პროკურატურა მას ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას. ამ საქმეზე კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს 5 060 000 ევროს გადახდა და დაუსწრებლად 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. კეზერაშვილი ბრალდებას უარყოფს.
“შეგიძლიათ მხოლოდ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს საუკეთესო რუსული ტრადიციით შექმნილი მესიჯის თვალყურის დევნება, რომ თითქოსდა ჩემს ხელში გაიფლანგა ქართულ ჯარის წვრთნისა და აღჭურვისთვის განკუთვნილი მილიონები – იმ ჯარის, რომელსაც მთელი გულითა და გონებით ვემსახურე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაში ვართ და ამ პროცესში პროპაგანდისტული მანქანის ეპიცენტრში ყოფნასაც მივეჩვიეთ, ჩემთვისაც კი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ბრალდებების მრავალწლიანი კასკადის ბოლო ეპიზოდი ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით.
მის სირთულეს კი განაპირობებს ის სამწუხარო ფაქტორი, რომ ჩემ წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი გახდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით გამორჩეული საერთაშორისო მედიასაშუალება (BBC), რომლის ტრადიციულ რეპუტაციულ გამართულობასაც შეუძლებელია პატივი არ სცე. მიუხედავად ამისა, მიწევს ვთქვა, რომ ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმისთვის მომზადებულ საგამოძიებო მასალაში ჩემთან დაკავშირებით გავიდა არაერთი უზუსტობა, რამაც საერთო სურათში სცადა მანამდე მოგონილი ბრალდების გამყარება”, – განმარტავს ის.
კეზერაშვილი აცხადებს, რომ მის შესახებ მომზადებული საგამოძიებო ჟურნალისტური მასალის ავტორი წლების განმავლობაში ცდილობს მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვას და ამბობს, რომ ამის მაგალითები ჟურნალისტის მიერ ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებია.