ევროკომისია 22 ივნისს წარადგენს ზეპირ მოხსენებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
ევროკომისიის ზეპირ მოხსენების განხილვა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე მოხდება, რომელიც 21-22 ივნისს სტოკჰოლმში გაიმართება.
ზოგადი საქმეთა საბჭო ევროკავშირის საბჭოს კონფიგურაციაა და თვეში ერთხელ, ძირითადად წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იკრიბება. დღის წესრიგის საკითხებიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომებზე ევროპულ საკითხებზე პასუხისმგებელი ან სხვა მინისტრებიც მონაწილეობენ. ზოგადი საქმეთა საბჭო განიხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებთან, ინსტიტუციურ ან ადმინისტრაციულ საკითხებთან. იგი კოორდინაციას უწევს ევროპული საბჭოს შეხვედრების მომზადებას და შემდგომ მუშაობას.
ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.
ამასთან, სამივე ქვეყანას განუსაზღვრა პირობები შესასრულებლად. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.
ევროკავშირი მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში.
ევროკომისიის რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს სამიტზე მიიღებს გადაწყვეტილებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე და ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე თავად დააყენებს.