ბოზალი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია, რომლის ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობაა. თუმცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის აშენების შემდეგ, სოფელში მუდმივი მოუხერხებლობა გაჩნდა, რომლის მოგვარებაც სურთ, მაგრამ მოსალოდნელ შედეგი აეჭვებთ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალში 30 ოჯახი ცხოვრობს. აქ ძირითადად მეცხოველეობით არიან დაკავებულნი, ზოგიერთ მოსახლეს 10-12 ძროხა ჰყავს. ახალქალაქი-კარწახის გზატკეცილზე ახლოს სოფლები სულდა და ბოზალი მდებარეობს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სოფლებს საძოვრებს და თივის მინდვრებს ჰყოფდა. საქონლის გადასასვლელების მშენებლობამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი რკინიგზას კვეთდა, რომელიც მთელ პერიმეტრზე იყო ამოყვანილი და ხრეშით დაფარული. პირუტყვი ტერიტორიას საძოვარზე წასვლისა და ბეღელში დაბრუნებულისას კვეთდა. მატარებლის დაჯახების რისკიც მაღალი იყო, პირუტყვი კიდურებსაც იზიანებდა.
როგორც შპს “მარაბდა-კარწახის” ფეისბუქის ოფიციალური გვერდი წერს, ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების მოთხოვნითპირუტყვის სპეციალური გადასასვლელი დაპროექტდა და გასულ წელს აშენდა. სოფელ სულდისა და ბოზალის საქონლისთვის საერთო გადასასვლელი გააკეთეს.
სოფელ ბოზალის მკვიდრი ეზეკ მარაბიანი ჩივის, რომ ერთი გადასასვლელი ორი სოფლისთვის არ არის საკმარისი, თანაც იგი ვიწროა და მოუხერხებელ ადგილას აშენდა.
„სოფელ სულდას ორი ნახირი ჰყავს, თითოში 400 ძროხა მაინც იქნება. ჩვენ 200-ზე მეტი ძროხა გვყავს. მინიმუმ 600 ძროხა ამ ვიწრო გადასასვლელს ერთდროულად გადის. გზას მეტ დროს ანდომებენ, ერთმანეთს ხელს უშლიან. რომლებიც პირველები გადიან გადასასვლელიდან 100 მეტრში მდებარე მინდვრებში მიდიან და მოსავალს აფუჭებენ. გვითხრეს, რომ სულდას ნახირის შემდეგ პირუტყვი 2-3 საათის სხვაობით უნდა გავიყვანოთ, მაგრამ მაშინ 9 საათი სრულდება, ზაფხულში კი ეს დრო უკვე გვიანია. დაბრუნების დროსაც იგივე პრობლემა იქმნდება და რეჟიმი ირღვევა”, – ამბობს ეზეკ მარაბიანი.
მიაჩნია, რომ ოპტიმალური გამოსავალი ცხოველებისთვის ცალ-ცალკე გადასასვლელების შექმნა იქნება, უკიდურეს შემთხვევაში არსებული 2 მ-ით მაინც უნდა გააფართოონ.
ეზეკ მარაბიანს საქონლის გადასასვლელთან სახნავი მინდვრებიც აქვს და ყოველ ჯერზე პირუტყვის გამო მოსავალი უფუჭდება.
“მსხვილფეხა საქონლის უღელტეხილიდან 100 მეტრის დაშორებით ჩემი მიწებია. ძროხები ნათესებს აფუჭებენ, რადგან გადასასვლელი მოუხერხებელ ადგილას აშენდა”, – განმარტავს იგი.
ეზეკის თქმით, როცა ეს გადასასვლელი შენდებოდა, სურდა ხელმძღვანელობასთან ესაუბრა და აეხსნა, რომ ასე დისკომფორტი შეიქმნებოდა, მაგრამ მათთან დაკავშირება ვერ შეძლო. ვერც ადგილზე მყოფმა მშენებლებმა უპასუხეს კითხვებზე.
ბოზალის მცხოვრებლები საპრეს ტექნიკას ან კომბაინს ხშირად ვერ ქირაობენ, რადგან ყველა ავტომობილი ამ გადასასვლელს ვერ გადის.
„გადასასვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც მოუხერხებელია, თივით დატვირთული მანქანა მასზე ვერ გადის“, – აცხადებს სოფლის მკვიდრი კარაპეტ დურგარიანი.
გრიგორ ავეტისიანიც ჩივის, რომ მუდმივად უხერხულობა ექმნება.
„ამ გადასასვლელით თივის დასამუშავებლად მივდივართ და ტექნიკა ძლივს მოძრაობს, თანაც ფუჭდება. როცა ჩვენთან მოვიდნენ, მენეჯმენტს ვუჩივლეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა“, – ამბობს გრიგორ ავეტისიანი.
სოფელ ბოზალის მცხოვრებლების თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, სადაც უთხრეს, რადგან პროექტი უკვე შედგენილია, რაიმეს შეცვლა ძალიან რთული იქნება.
ბაქო-თბილისი-ყარსის ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე 5 გადასასვლელი, 2 ხიდი, 7 პირუტყვის და 1 ტრანსპორტის გადასასვლელი აშენდება.