ახალქალაქის კარტოფილი არ იყიდება და ფასი კი ეცემა. ამჟამად მხოლოდ კარტოფილის თესლი იყიდება. ფერმერები იმედოვნებენ, რომ დარგვის სეზონის დაწყებამდე შეძლებენ ამოყიდვას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის რეალიზაციის საკითხი კვლავ აქტუალურია. კარტოფილი არ იყიდება, რადგან მყიდველი არ არის, ფასი კი დაეცა. სოფლებში ფერმერები მყიდველებს ელოდებიან. რაც უფრო შორს არის სოფელი ცენტრიდან, მით უფრო რთული მდგომარეობაა კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებით.
აგრონომი და ფერმერი არშალუის გალსტიანი სოფელ აგანადან მიიჩნევს, რომ ბაზრის ძირითადი პრინციპი არ არის დაცული, კარტოფილის ბაზარზე მოთხოვნაზე მეტი მიწოდებაა. ამ პრინციპის შენარჩუნება დამოკიდებულია ბევრ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორზე.
„აგანა ქალაქიდან შორს მდებარეობს. სანამ პროდუქტი ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში არ გაიყიდება, მყიდველები ჩვენთან არ მოვლენ, თუმცა სოფელში ბევრი კარტოფილი გვაქვს. ფერმერები იმედოვნებენ, რომ ივნისამდე მოასწრებენ გაყიდვას“, – ამბობს არშალუის გალსტიანი.
ქალაქთან ახლოსმდებარე სოფლებშიც დგას რეალიზაციის პრობლემა მყიდველების სიმცირის გამო. ახალი წლის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში, ორი კვირის განმავლობაში ახალქალაქის კარტოფილი აქტიურად იყიდებოდა, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. ახლა მეტ-ნაკლებად სათესლე კარტოფილი იყიდება.
სოფელ დილისკიდან ოგანეს გაბრიელიანი ამბობს, რომ დაახლოებითი გამოთვლებით მათ სოფელში 3 000 ტონა კარტოფილია.
„დღეში 1-2 ადამიანი მოდის და ეს საკმარისი არ არის. დღეში 10 მანქანაც რომ ჩამოვიდეს ახალი სეზონის დაწყებამდე მაინც ვერ გავყიდით. ახლა კარტოფილის თესლის გაყიდვის სეზონია. რაც გვქონდა სრულად ამოვყიდეთ, თუმცა ძალიან დაბალ ფასში 50-დან 60 თეთრამდე კგ-ზე“, – განმარტავს ოგანეს გაბრიელიანი.
სოფელ ალასტანიდან სიმონ მანანიანი ამბობს, რომ მათაც ბევრი გასაყიდი კარტოფილი დარჩათ. მისი აზრით, კარტოფილის გაზაფხულზე გასაყიდად დატოვება კარგი არ არის.
„კარტოფილი წონაში იკლებს, ნაწილი გაზაფხულამდე ფუჭდება, მაგრამ მაინც ვინახავთ. დაახლოებით 20 ტონა კარტოფილი მაქვს. ახლა დათესვის დროა, მაგრამ ძველი ჯერ არ გაყიდულა. გასაყიდად ვტოვებთ, რათა სასუქის, მიწის დამუშავების ხარჯები დავფაროთ. ახლა სათესლე კარტოფილი ძალიან იაფად იყიდება“, – აცხადებს სიმონ მანანიანი.
სოფელ ოლავერდში გლეხებმა კარტოფილის რაოდენობა შეამცირეს. ცდილობენ ნაკლები კარტოფილის დათესონ და მეტი ყურადღება მესაქონლეობას დაუთმონ.
თითქმის ყოველწლიურად ახალქალაქში კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა მწვავდება, თუმცა მიზეზები და მოგვარების ხერხები ჯერ არ არის შემუშავებული.
ახალქალაქის კარტოფილის ფასი დაეცა
ახალქალაქის კარტოფილზე მოთხოვნა და ფასი იზრდება, მაგრამ…