ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ახალი წლის შემდეგ ახალქალაქის კარტოფილზე ფასმა და მოთხოვნამ დაიკლო, მაგრამ უკვე ერთი კვირაა, სოფლებში ფასების გაზრდის ტენდენცია და გადამყიდველებისგან მოთხოვნა შეინიშნება. რა არის ამის მიზეზი, რამდენად სტაბილურია მდგომარეობა და რატომ ურჩევნიათ ახალქალაქის ფერმერებს კულტურების უმეტესი ნაწილის გაზაფხულზე გაყიდვა?

Jnews-ი ახალქალაქის კარტოფილის ფასის დაცემასა და მოთხოვნაზე საუბრობდა, მაგრამ ამჟამად კარტოფილი 20-30 თეთრით გაძვირდა და განსაკუთრებით ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში  მყიდველების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ფერმერი ვარაზდატ სალვარიანი, სოფელ დილისკადან, ამ გარემოებას ამინდის გამო სატვირთო მანქანების გადაადგილების სურთულითა და იმპორტირებული კარტოფილის ნაკლებობით ხსნის.

წელს საქართველოს ქალაქების ბაზრებზე რუსეთიდან და ბელორუსიიდან დიდი რაოდენობით კარტოფილი გაიყიდა, რამაც ფერმერების თქმით, ახალქალაქის კარტოფილზე მოთხოვნა შეამცირა.

„თოვლის გამო გზა ჩაკეტილია, რუსეთიდან ვერ ჩამოაქვთ და ამიტომ ჩვენს კარტოფილზე მოთხოვნა გაიზარდა, მყიდველებიც მოდიან. უმრავლესობა რუსეთიდან ჩამოტანას ხარჯის გამო ვერ რისკავს. ამინდი გაუმჯობესდება და მოთხოვნა (ახალქალაქის კარტოფილზე) შემცირდება“, – განმარტავს ვარაზდატ სალვარიანი.

მისი თქმით, ფასს ფერმერების ნაცვლად ბაზარი არეგულირებს.

ფერმერი ენოკ ბაბაჯანიანი ამბობს, რომ მათ სოფელში, სხვა სოფლებთან შედარებით, პროდუქტი არ გაძვირებულა, მაგრამ მყიდველთა რაოდენობამ იმატა.

„შესაძლოა, მოთხოვნის გაზრდის მიზეზი რუსეთთან ჩაკეტილი გზა, ან იქ ფასების მომატება გახდა, რადგან ვაჭრებისთვის მომგებიანი აღარ არის. ზამთარში ხომ კარტოფილის გადასატანად მაცივრიანი სატვირთო მანქანებია საჭირო, რათა კარტოფილი არ გაიყინოს. შედეგად, ტრანსპორტის ფასიც იზრდება“, – აცხადებს ენოკ ბაბაჯანიანი.

მოსავლის გაზაფხულზე გაყიდვა კი ჯავახეთის თვისება გახდა.

„გაზაფხულისთვის ინახავენ, რადგან ამ დროს, სტატისტიკურად, ფასი მატულობს; ევროპის ქვეყნებიდან იმპორტი ან ჩერდება, ან იკლებს და ფასიც იზრდება. იგი თავად ქვეყანაზეა დამოკიდებული. საქართველოდან კარტოფილი ექსპორტით აზერბაიჯანში, ყაზახეთში გადის, ფასი კი ამ ქვეყნების ბაზარზეა დამოკიდებული“, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.

აგრონომი ეგიშ აღაჯანიანი აღნიშნავს, რომ ჩვენი ფერმერები არ ფიქრობენ, რომ კარტოფილის ფასი იმპორტსა და ექსპორტზეა დამოკიდებული, მათ სურთ, რომ იგი ჯავახეთში მათი მზარდი ხარჯების შესაბამისად იზრდებოდეს.

„ვფიქრობთ, რომ თუ დიდი ხარჯი გავწიეთ, მაშინ ძვირად უნდა გავყიდოთ. თუმცა, როდესაც ჩვენი მხრიდან ფასები იზრდება, იმპორტიც იმატებს და ამას ვერავინ აკრძალავს. შემოტანილი კი უფრო ხარისხიანი და იაფია. მომხმარებელიც იმას ყიდულობს, რაც ხელმისაწვდომია“, – განმარტავს ეღიშ აღაჯანიანი.

მისივე თქმით, როცა ახალქალაქელი ფერმერი კარტოფილს გაზაფხულისთვის ინახავს და არ ყიდის, იმპორტი იზრდება და ფასი ეცემა. მომხმარებელიც შემოტანილს ყიდულობს.

ვარაზდატ სალვარიანი ამბობს, რომ გაზაფხულზე ძირითადად მცირე ფერმერები ვაჭრობენ კარტოფილით, რადგან ცოტა აქვთ და რისკავენ.

„მსხვილი ფერმერები ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ფასში ვაჭრობენ. თუ ამას არ გააკეთებენ, მოსავლის გაყიდვის დრო არ ექნებათ. სტაბილურად ვაჭრობენ იმ ფასად, რომელიც უფრო მომგებიანია ორივესთვის. რა ფასიც არ უნდა იყოს, ყოველდღე ვყიდი. ჩემი კლიენტებიი არასდროს მიდიან კარტოფილის გარეშე. ახლა ფასი 1.30 – 1.40 ლარია. მყიდველები ძირითადად ქუთაისიდან, თბილისიდან, ბათუმიდან ჩამოდიან და არც ისე ბევრნი”, – განმარტავს ვარაზდატ სალვარიანი.

სოფელ სულდადან ზარზანდ კუჯოიანი ამბობს, რომ გაზაფხულისთვის ინახავს, რადგან ფიქრობს, რომ ახალი წლის შემდეგ ფასები გაიზრდება.

„10 ტონა გავყიდე, 5 ტონა დავიტოვე. ახლა კი ველი, 20 თეთრით ძვირად გავყიდი, თუ იაფად, გამართლებაზეა. ზოგადად, იმიტომ იტოვებენ, რომ ყოველთვიური შემოსავალი ჰქონდეთ, სესხები დაფარონ ან გაზაფხულზე სასუქები შეიოძინონ. თუ მაშინვე გაყიდით, შემოსავალი ერთიანად დაგეხარჯება“, – აცხადებს ზარზანდ კუჯოიანი.

გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე გაყიდვისას, თითოეული ფერმერი თავად წყვეტს, მოგება ნახოს, თუ წაგება. ამას განსაზღვრავს ბაზარიც, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ახალქალაქელი ფერმერი კი ყველა ფაქტორს ჯერ ვერ ითვალისწინებს.