დიდი ქალაქების საბითუმო ბაზრებზე ახალქალაქის კარტოფილის ფასი დაეცა, ადგილზე მყიდველი ცოტაა და დაბალ ფასად იძენენ პროდუქტს. ადგილობრივი კარტოფილის მწარმოებლები ფასის მატებას ელოდებიან, რადგან 2022 წლის კარტოფილის დაბალი მოსავლის დაბალ ფასად რეალიზაცია წამგებიანია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მოსახლეობა ჩივის, რადგან 2022 წლის დეკემბრიდან კარტოფილის მყიდველი არ ჰყავთ და ახალქალაქის ძირითად ბოსტნეულზე მოთხოვნა შემცირდა. მყიდველები რამდენიმე სოფელში ჩამოდიან, მაგრამ შემოდგომასთან შედარებუთ დაბალ ფასად ყიდულობენ. მართალია, ფერმერების თქმით, კარტოფილის ფასი დიდი ქალაქების მაღაზიებში კვლავ მაღალია, მაგრამ საბითუმო ბაზრებზე, სადაც ადგილობრივები კარტოფილს ყიდიან, ფასი შემცირდა.
მესროპ ირიციანი, სოფელ კორხიდან, ჰყვება, რომ დეკემბრიდან მათ სოფელში კარტოფილის მსხვილი მყიდველები არ ჩამოსულან.
„კარტოფილი ბოლოს ოქტომბერ-ნოემბერში გავყიდე, მყიდველები ბეჟანოში ადიან, მერე ჩვენთან მოდიან და ერთი-ორი ბარტერით ცვლიან. ყველაზე მეტი სათესი კარტოფილი და 12 ტონა სუფრის კარტოფილი დამრჩა. თბილისში წაღების შესაძლებლობა არ მაქვს და არც ვრისკვავ, წაგების მეშინია. ამბობენ, თბილისი რუსეთის და ბელორუსის კარტოფილებითაა სავსეო. რომ წავიღო, უკან აღარ ჩამოვიტან და იძულებული გავხდები იაფად გავყიდო”, – განმარტავს იგი.
სოფლებში ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ კარტოფილი ისევ გაძვირდება.
ენოკ ბაბაჯანიანმა მოსავლის უმეტესი ნაწილი შემოდგომაზე გაყიდა და მოსავლის მხოლოდ 10% დარჩა. მაგრამ სოფელ მურჯახეთში, სადაც ის ცხოვრობს, ბევრი კარტოფილია და მოსავლის უმეტესი ნაწილი ჯერ არ გაყიდულა.
„მყიდველი ძალიან ცოტაა. თბილისში ფასი დაეცა, საბითუმო ბაზარზე 1 კგ 1-1,20 ლარად იყიდება.”
მყიდველი ცოტაა სოფელ ორჯაშიც. სოფლის მოსახლეობაც კარტოფილზე ფასების ვარდნას უჩივის.
იგივე ვითარებაა სოფელ ოლავერდშიც. სოფლის მოსახლეობას ბევრი კარტოფილი აქვს, მყიდველი არ არის და თბილისში წაღება არ უნდათ, რადგან იციან, რომ იქ ფასი დაეცა.
სოფელ ტურცხში მყიდველების ნაკლებობას არ უჩივიან, მაგრამ დაბალი ფასით უკმაყოფილონი არიან.
„ჩვენთან ყოველდღე მოდიან მყიდველები. ვყიდით, მაგრამ იაფად – 1 კგ კარტოფილში 1,20 ლარს გვაძლევენ. ჩვენი კარტოფილი კარგად გამოიყურება, შავი მიწა გვაქვს და სხვა სოფლებთან შედარებით, ჩვენი კარტოფილი ყოველთვის კარგად იყიდება. მყიდველები, ძირითადად ქუთაისელები და თბილისელები, სოფელს უკვე იცნობენ და ხშირად მოდიან, “, – ჰყვება ანა ღევენიანი.