იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში, – ამის შესახებ აღნიშნულია კლინიკა „ვივამედის“ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პაციენტი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე.
„პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენ მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით, დაგვერწმუნებინა პაციენტი, რომ ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი, რაც ოქტომბრის თვემდე მეტ-ნაკლებად ხერხდებოდა და სახეზე იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე.
შესაბამისად, ბოლო თვის მანძილზე პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე.
შედეგად, სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.