ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.
დასკვნის მიხედვით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში „ოლიგარქების“ გავლენის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურს, მიაღწიოს კანონის უზენაესობის დემოკრატიულ სისტემას და ვენეციის კომისია მხარს უჭერს ამ უარყოფითი გავლენის აღმოფხვრის ან სულ მცირე შემცირების მიზანს.
ამასთან, დასკვნაში ნათქვამია, რომ „მიუხედავად ამისა, დეოლიგარქიზაცია ძალიან კომპლექსური საკითხია და მისი მიღწევის საშუალებების არჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ გვსურს, რომ სისტემა ეფექტური იყოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების დაცვისას“.
დასკვნის მიხედვით, ვენეციის კომისია მხარს უჭერს კანონპროექტის განზრახვას, რომ მოხდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე „ოლიგარქების“ გავლენის აღმოფხვრა ან შემცირება.
„კომისიამ გამოავლინა ორი მიდგომა ამ კომპლექსური საკითხის მოგვარების საშუალებებთან დაკავშირებით; მრავალსექტორული, სისტემური მიდგომა, რომელსაც აქვს პრევენციული ეფექტი და მიმართულია მრავალ სფეროზე, როგორიცაა მედიის, ანტიმონოპოლიური, პოლიტიკური პარტიების, არჩევნების, გადასახადების, კორუფციისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობა და ა.შ.
კიდევ ერთი მიდგომა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „პირადი“, მიმართულია იმ პირებზე, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნან „ოლიგარქებად“ კონკრეტული კრიტერიუმებით, როგორიცაა სიმდიდრე, მედიის ფლობა და ა.შ. ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მათი ზემოქმედების საშუალებების შეზღუდვით. ამდენად, პიროვნულ მიდგომას საკმაოდ სადამსჯელო ხასიათი აქვს და შეიცავს ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს, თუ არ იქნება დადგენილი შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების საიმედო გარანტიები და პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დარღვევისგან დაცვა.
ვენეციის კომისია უფრო სისტემურ მიდგომას ემხრობა, რომელიც მოიცავს კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას, მათ შორის ეფექტური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია „პერსონალურ მიდგომას“ ზოგადად პრობლემურად მიიჩნევს, ის კატეგორიულად არ გამორიცხავს ასეთი მიდგომის ყველა ელემენტს, განსაკუთრებით რამდენადაც ისინი ეხება უკანონო ან კრიმინალურ ქმედებებს. კომისიას სურს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ეს მიდგომა მოითხოვს ძლიერი პროცედურული გარანტიების დანერგვას, როგორც ადამიანის უფლებების, ასევე კანონის უზენაესობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად.
კანონპროექტის ზომების ანალიზი ცხადყოფს, რომ ამან შეიძლება, გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიერ დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და რომ კანონპროექტი მთავრობას პროცესზე ზედმეტ გავლენას ანიჭებს.
შუალედურ დასკვნაში ვენეციის კომისია აღწერს, როგორ ხდება მთავრობის მიერ პოტენციურ „ოლიგარქებად“ განსაზღვრული პირების პერსონალური მონაცემების შეგროვების, შეფასების, შენახვისა და დამუშავების პროცესი; სტიგმატიზაცია, რომელიც დაკავშირებულია მთავრობის რეესტრში „ოლიგარქად“ განსაზღვრული პირის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან, „ოლიგარქად“ განსაზღვრული პირებისთვის მოთხოვნასთან, წარადგინონ ქონებრივი დეკლარაცია და ასევე საჯარო მოხელეებს დაადეკლარირონ თავიანთი კონტაქტები „ოლიგარქად“ განსაზღვრულ პირებთან და /ან მათ წარმომადგენლებთან, შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის დარღვევას.
ანალოგიურად, კომისია მიიჩნევს, რომ „ოლიგარქებად“ დასახელებული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიების, სხვა პოლიტიკური კამპანიების, მიტინგებისა და „პოლიტიკური მოთხოვნით“ დემონსტრაციების დაფინანსების აკრძალვამ შეიძლება, დაარღვიოს მათი უფლებები ECHR-ის მე-10 და მე-11 მუხლებით“, – ვკითხულობთ დასკვნაში.
ამავდროულად, დასკვნაში წერია, რომ ვენეციის კომისია აცნობიერებს, რომ ECHR-ის მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს.
ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს სხვა საერთაშორისო რეკომენდაციები, რათა აღმოიფხვრას საკუთარი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ვენეციის კომისია კვლავ რჩება საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში შემდგომი დახმარებისთვის“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.