საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია.
მინისტრის შეფასებით, რთული ეპიდვითარება ჰოსპიტალურ სექტორზე ნათლად აისახება.
“დღეს-დღეობით საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე ეს ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე ნათლად აისახება, ვინაიდან, არის საწოლფონდის სერიოზული დეფიციტი. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს, საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს. ჩვენ ასევე ჩვენი ყველა სსიპ-ის დახმარებით აქტიურად ვართ ჩართული პაციენტების ნაკადების მართვაში. დღეის მდგომარეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ არც ერთი პაციენტი ექიმის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყველა ღონისძიების გამკაცრება. დღეს საბჭოზე ვიმსჯელეთ, სადაც წარდგენილი გვქონდა მრავალი სახის რეგულაციის რეკომენდაცია. საბჭომ მნიშვნელოვნად მიიჩნია, დღეის მდგომარეობით გამკაცრებულიყო და დაწესებულიყო რეგულაციების ის ჩამონათვალი, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. გასათვალისწინებელია,რომ თითოეული რეგულაციის დაწყებიდან საშუალოდ ათი დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება ასახვა ეპიდვითარებაზე. საჭიროა მოვლენებს დაველოდოთ. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას და ეპიდვითარებაზე დაკვირვებას. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს დამატებითი თხოვნით მივმართავთ”, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
კითხვაზე, ეპიდრეგულაციებთან დაკავშირებით რამდენად თანმიმდევრულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელმაც ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება სულ რაღაც ერთი თვის წინ გააუქმა, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო გამონაკლისი ქვეყანა არ არის და რეგულაციებზე გადაწყვეტილება ეპიდვითარების მიხედვით იცვლება.
“მნიშვნელოვანია, რომ ხდება სწორი კომუნიკაცია, ხდება ეპიდსიტუაციაზე მუდმივი მონიტორინგი და მონიტორინგიდან გამომდინარე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, რაც მნიშვნელოვანია ეპიდვითარების გაუმჯობესებისთვის და მასზე სწორი რეაგირებისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.