სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ღია წერილით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარულ დეპუტატებს სამველ მანუკიანსა და ანტონ ობოლაშვილს, რომ მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს „უცხოური აგენტების შესახებ“, რადგან ეს კანონი რეალურად გამოიწვევს ფაქტს. რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალურად დაუცველ ჯგუფებს და ზოგადად რეგიონის მოსახლეობას დახმარებას ვეღარ გაუწევენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს დეპუტატს უცვლელად წარმოგიდგენთ:
“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული რეესტრი, რეალურად გასაუქმებელი ორგანიზაციების რეესტრს გულისხმობს, რადგან ამ კანონის მიზანი დამოუკიდებელი მედიის გაჩუმება და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებაა. შესაბამისად, რუსული კანონის მიღება თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დახმარება ვეღარ გაეწევათ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უმცირესობების ჯგუფებს, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებს, დევნილებს, პატიმრებს, ხანდაზმულებს, რომ აღარ იარსებებს სივრცე, სადაც ადამიანები თავისუფლად აზრის გამოხატვას შეძლებენ, ვეღარ მიაწვდიან ხმას მაღალმთიან სოფლებში მცოხვრებლები შესაბამის უწყებებს.
უცხოური დაფინანსების გარეშე ვერ გადავარჩენდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ვერ დავაგებდით გზებს, ვერ ავაშენებდით სკოლებს და საბავშვო ბაღებს. განუზომელია დონორების როლი სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და თავდაცვის სფეროებშიც, ამიტომ ამ კანონის მიღება ასიათასობით საქართველოში მცხოვრებ ადამიანს დიდ ზიანს მიაყანებს და კიდევ ურფო გაზრდის მიგრაციას.
რუსული კანონის მიღება, ავტომატურად გამოიწვევს საქართველოდან დონორი ორგანიზაციების გადინებას, ერთგვარი იზოლაცია კი, ისე როგორც რუსეთში, საქართველოშიც მოკლავს კრიტიკულ აზრს, თავისუფალ სიტყვას და დემოკრატიას.
მოგიწოდებთ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ მაჟორიტარ დეპუტატებს, არ დაუჭიროთ მხარი ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე.
გახსოვდეთ, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ (მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტერგრაციის უზრუნველსაყოფად“.