ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე მადათაფას ტბა შრება.
წელს საკმაოდ დიდი ტერიტორია დაშრა, მაგალითად მაისში Jnews-ის ჟურნალისტებმა ტბის კუნძულთან ახლოს ვერ მიაღწიეს, მაგრამ, ამჯერად ფეხით გასეირნება მოხერხდა.
ტბის დაშრობის მიზეზად სოფელ სამების მოსახლეობა ამინდს ასახელებს, რადგან ზაფხული გვალვიანი იყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტბაში წყლის დონე ყოველწლიურად იკლებს.
რამდენიმე წელია, მადათაფას ტბაზე კაშხლის აშენება იგეგმება, რათა წყლის დონე იგივე დონეზე შენარჩუნდეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. როგორც JNEWS-ს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, კაშხლის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
„დაცული ბუნებრივი ტერიტორიების სააგენტომ კაშხლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. მკაცრი კლიმატური პირობების გამო სამუშაოები სპეციფიკურ ხასიათს ატარებს, ასევე შეზღუდულია მშენებლობისთვის გამოყოფილი დრო. ამ ეტაპზე სააგენტომ შეიმუშავა საჭირო ტექნიკური ინსტრუქციები და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, – აცხადებენ საქართველოს დაცული ბუნებრივი ტერიტორიების სააგენტოში.
მადათაფას ტბა ჯავახეთის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე მდებარეობს. სხვა ტბებისგან განსხვავდება ფრინველთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ 180 სახეობის ფრინველია, იმდენივეა, რაც ჯავახეთის ეროვნული პარკის მთელ ტერიტორიაზე.
ტბის მაქსიმალური სიღრმე 1,10 მ-ია, სანაპირო ზოლში – 40 სმ, მადათაფა მიწისქვეშა წყლებით, წვიმისა და დნობის წყლით, საიდანაც ნაკადულები სათავეს იღებს ჯავახეთის მთებიდან.
თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
მადათაფის ტბის უკიდეგანო სილამაზე (ფოტო)