საქართველოს სომხებით დასახლებული სოფელი ხავეთი, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, ყოველწლიურად იცლება. ხალხი სოფლიდან წასვლას ირჩევს, ამასთან ყველას თავისი მიზეზი აქვს. დანარჩენები იმ იმედით ცხოვრობენ, რომ გზა გარემონტდება და ბევრი პრობლემა მოგვარდება.
დასახლება ახალქალაქიდან 32 კმ-ში მდებარეობს, მაგრამ ხავეთში მისასვლელად საუკეთესო შემთხვევაში საათნახევარია საჭირო. გზა დანგრეულია და ზამთარში იკეტება.
მობილური ბაზარი სოფელ ხავეთში: ქალები დიდხანს და ჯიუტად ვაჭრობენ, საქონლის ფასის დაწევას ცდილობენ
ხავეთში მაღაზია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, რომლითაც ადამიანებს ქალაქში ჩასვლა და საყიდლებზე სიარული შეეძლებათ.
ხავეთში სულ შვიდი სიმღერა იციან და შვიდივე გზაზეა
ადგილობრივების თქმით, მოასფალტებული გზის არარსებობის გამო ტოვებენ ხავეთს. სოფელში ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა გზის საკითხზე საუბრობს.
ახალქალაქიდან სოფელში მისასვლელად ახალქალაქი-თურქეთის გზატკეცილის გასწვრივ სულდამდე მანქანით უნდა იმგზავრო, შემდეგ კი 12 კმ-ის გავლაა საჭირო, საიდანაც 9 კმ-იანი გზა ასფალტის გარეშეა. ხავეთი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან შორს არ მდებარეობს, მაგრამ ტალახის გამო ყველაზე ძნელად მისასვლელია.
თოვლი იმ ჭუჭყს ფარავს, რომელიც ხავეთში ყველგან სუფევს
სოფლიდან ქალაქში ჩასვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან საწვავი ძალიან ძვირია. გზის მდგომარეობის გამო მანქანები ხშირად ფუჭდება და ტაქსის მძღოლები სოფელში გადასაყვანად წარმოუდგენლად მაღალ ფასს ითხოვენ, ან ხავეთში წასვლას ყველა არ თანხმდება.
„პრობლემა ძირითადად გზასთან არის დაკავშირებული. ხალხიც სწორედ ამის გამო მიდის. სადაც არ უნდა წახვიდე, იმუშავებ თუ ნორმალური გზა გექნება. ახალქალაქში ერთხელაც რომ წახვიდე და დაბრუნდე, 100 ლარს ხარჯავ და მანქანაც ფუჭდება. გზა რომ იყოს ეს არც ისე ხშირად მოხდებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა“, – ამბობს ხავეთის მკვიდრი დავით იორდანიანი.
თუ ტაქსის მძღოლს რეგიონის რომელიმე ახლომდებარე სოფელში წასაყვანად 10-20 ლარი სჭირდება, ხავეთში წასაყვანად 50 ლარს ითხოვს.
მოსახლეობა აღნიშნავს, რომ გარშემო ცვლილებებიც შეინიშნება: თუ ადრე ზამთარში გზა 15-20 დღით იკეტებოდა, ახლა ასე აღარ ხდება, მერია სწრაფად რეაგირებს და სოფლისკენ მიმავალ გზას რაც შეიძლება მალე ხსნის.
ზოია მკრტჩიანი 50 წლის წინ სულდადან ხავეთში გათხოვდა და აქ დარჩა. სოფლიდან წასვლა არ სურს, მაგრამ ახალგაზრდებს სამყაროს დათვალიერებას ურჩევს.
„როცა გავთხოვდი, გზები ჩაკეტილი იყო, ხავეთიდან სულდამდე ფეხით მივდიოდით. დღემდე გვაქვს გზებთან დაკავშირებული პრობლემა, ქალაქში წასვლაც არ გვინდა, ექიმთან რომ მიხვიდე, გზაშივე გახდები ავად. ადრე ახალგაზრდა ვიყავი, ფეხით კილომეტრებს გავდიოდი, ახლა ჯანმრთელობა შემერყა. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ სოფელში ისევ გაზის ავზებით ვსარგებლობთ, მთელი ცხოვრება გასათბობად ფუნას ვამზადებდი, არ ვიცით სახლში გაზის ქონა როგორია“, – ჰყვება 72 წლის ბებია ზოია.
მიგრაცია რიცხვებში: 5 წლის წინ, 2018 წელს სოფელში 80-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, დღეს კი – 55
სოფელ ხავეთიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჰრაჩ მოვსისიანი ირწმუნება, რომ კორონავირუსმა მიგრაციის ტემპი შეანელა, მაგრამ ის მაინც გრძელდება. ხალხი ახალქალაქში, სომხეთსა და რუსეთში გადადის.
„კორონოვირუსამდე 10-12-მდე ოჯახმა ახალქალაქში სახლი იყიდა. კორონავირუსის შემდეგ მიგრაციის პროცესი საგრძნობლად შენელდა. ზოგიერთნი ქალაქში წავიდნენ, ზოგნი სოფელს არ სცილდებიან, არიან სომხეთში ან რუსეთში წასულებიც. არიან ისეთებიც, ვინც რუსეთში წავიდა და იქ სახლის ასაშენებლად მიწა იყიდა, მაგრამ ისევ დაბრუნდა. ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს შორეულ სოფლებში ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ხალხი დარჩეს, მაგრამ ბიუჯეტი დიდი არ არის და ყველაფრის ერთდროულად გაკეთება შეუძლებელია“, – განმარტავს ჰრაჩ მოვსისიანი.
ხავეთის დაცარიელების საფრთხის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია და რამდენიმე წლის წინ საზღვრისპირა სოფლის გზის გაუმჯობესების გეგმის შემუშავება დაიწყო. გზის რეაბილიტაცია გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, პროექტი მზად იყო, დონორიც მოძებნეს, მაგრამ მუშაობა არ დაწყებულა, რადგან მსოფლიო ბანკმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დაფინანსების პროგრამა გააუქმა. წელს გზის რემონტი დაიწყეს და მთლიანი მოცულობის 1/5 დასრულდება.
გზის კაპიტალური რემონტისთვის 2 619 220 ლარია საჭირო, თუმცა ამ თანხის უქონლობის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმას 500 000 ლარის ფარგლებში შეასრულებს, მაღალმთიანობის ფონდიდან გამოყოფილ 200 000 ლარს 300 000 ლარი დაემატება.
„ეს ხალხი ყველაფერს მოწყვეტილია. მათ უფრო მკაცრი ზამთარი აქვთ. რაიონული ცენტრიდან შორს არიან, მომსახურებებითაც ვერ სარგებლობენ. ვცდილობთ პრობლემები შევამსუბუქოთ. შარშან 12 000 ლარი გზისთვის გამოვყავით. წელს კი ბეტონირებას დავიწყებთ. ნურავის ექნება მოლოდინი, რომ მთელი გზა ერთ წელიწადში გარემონტდება. დავიწყებთ და იმედი გვაქვს, რომ გაგრძელების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.
სატელეფონო კავშირების ოპერატორები ხავეთში სათანადო კომუნიკაციას ვერ უზრუნველყოფენ. ვინაიდან სოფელი საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარეობს, სხვადასხვა კუთხეში თურქული როუმინგი რეგულარულად ჩართულია. “მაგთი” ძვირია, “ბილაინი” კი ხშირად მიუწვდომელი.
„ადამიანი სოციალურად დაცული უნდა იყოს, რომ თავი კარგად იგრძნოს, ერთი პრობლემა მეორეს ემატება და გლობალური ხდება, დარჩენა პერსპექტიული აღარ არის. მაგრამ პრობლემები თუ მოგვარდება, ვფიქრობ, რომ აღარ წავლენ”, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი ნორაირ მკრტჩიანი.
ხავეთიდან თურქული დასახლებები ჩანს. საბჭოთა კავშირის დროს საზღვარი ელექტრიფიცირებული იყო და სოფლის მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობდა. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სოფლის პრობლემებს ისიც ამძიმებს, რომ საზღვრის მეორე მხარეს თურქები არიან.
„ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ არ გვეშინია. ეს ისეთი შიში არ არის, როდესაც გაკანკალებს. ასე რომ იყოს, ახლა აქ არ ვიქნებოდით. არაერთხელ ჩამოსულან საზღვრიდან და ჩვენ გაგვიჩერებია. იყო დრო, როცა ძროხებს იპარავდნენ. თუ ვიტყვი, რომ თურქეთის მოსაზღვრეობის გამო 100% შიშია, არასწორი იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვეშინია“, – ჰყვება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები დავით იორდანიანი.
სოფელში თითქმის ყველას ჰყავს ძაღლი
თავიანთ მინდვრებში მისასვლელად ხავეთის მცხოვრებლებმა სპეციალური საშვი და პასპორტი უნდა წარმოადგინონ. თუ თანასოფლელს არც ერთი აღნიშნული დოკუმენტი არ ექნება, მინდორზე ვერ შევა. ვერც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მცხოვრები ისარგებლებს სოფლის კუთვნილი მინდვრით. სოფლის მცხოვრებლებზე საშვი სამი თვის ვადით (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) გაიცემა. ხალხს მინდორზე მუშაობა დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეუძლია.
სოფელში არ შიმშილობენ, მაგრამ საკეთებელი მეტი არაფერი აქვთ
„სოფელში ნამდვილად არ ვშიმშილობთ, როგორ შეიძლება სოფლელი მშიერი იყოს? მიწას ვამუშავებთ, მესაქონლეობას ვეწევით. მაგრამ ძროხების შენახვისა და მიწის დამუშავების გარდა, აქ სხვა არაფერი შეგვიძლია“, – ამბობს ნორაირ მკრტჩიანი.
ხავეთში მცხოვრებნი ძირითადად მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. კარტოფილით მიზერულ შემოსავალს იღებენ და მხოლოდ დახარჯული შრომა რჩებათ.
დავითის სამივე შვილმა უმაღლესი განათლება მიიღო, ორი ქალიშვილიდან ერთი უკვე დაოჯახებულია, მეორე კი კვლავ თბილისში სწავლობს, პროფესიით ექიმია. შვილმა უნივერსიტეტი უკვე დაამთავრა, ორი დიპლომი აქვს, მაგრამ სოფელში უმუშევარია, ამიტომ ქალაქში გადასვლაზე ფიქრობს.
ფოტოზე გამოსახულია ხავეთის მცხოვრები დავით იორდანიანი
„ჩემი შვილი 7 წელია ბიზნესის-ადმინისტრირებას და ბუღალტერიას სწავლობს, თუმცა უმუშევარია. უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო, ქართული კარგად იცის, მაგრამ სოფელში ვერ რჩება, ამიტომ იძულებულები ვართ, ქალაქში ვიყიდოთ სახლი, რათა დასაქმდეს“, – განმარტავს დავითი.
აღნიშნავს, რომ სოფლის ახალგაზრდების 80 პროცენტს უმაღლესი განათლება აქვს, მაგრამ მათ შორის სტუდენტ-პედაგოგები არ არიან და სოფლის სკოლებში სპეციალისტები მუდმივად სჭირდებათ.
„სოფლის სკოლაში საკმარისი სპეციალისტები არ გვყავს. ახალგაზრდებს ვურჩევ, ისეთი პროფესია აირჩიონ, რომ სკოლაში იმუშაონ. მაგრამ ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომლითაც რეგიონშიც რთულად დასაქმდებიან“, – ამბობს ჰრაჩ მოვსისიანი.
ხავეთის სკოლაში მეზობელი სოფლების, ერინჯისა და დავნიას ბავშვებიც სწავლობენ
ხავეთის სკოლაში ბავშვების ყოველდღიურ ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფდა.
„20 ბაღის ასაკის ბავშვი გვყავს. მინდა სკოლამდელი განათლება მიიღონ. ამიტომ ვითხოვე მათთვის ან ტრანსპორტი გამოეყოთ, რათა სულდას საბავშვო ბაღში გადაეყვანათ, ან ხავეთში პატარა კორპუსი აეშენებინათ. ყველაფერი გზასთან არის დაკავშირებული და მისი მოგვარებით ყველაფერი გამარტივდება“, – აცხადებს ჰრაჩ მოვსისიანი.
სახლები შეშითა და ფუნით თბება
ხალხის სახლების წინ დაწყობილი შეშა გაზის არარსებობაზე მიუთითებს
გასულ წელს პროგრამით “სოფლის მხარდაჭერა” ახალგაზრდებისთვის სპორტული ინვენტარი შეიძინეს, წელს კი სპორტული დარბაზი აშენდება. გასულ წელს შეძენილი სპორტული ინვენტარი დღემდე გამოუყენებელია, ის დროებით სოფლის ადმინისტრაციის ძველ შენობაში განთავსდა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია.
„წელს დავიწყებთ მშენებლობას, თუმცა 12 000 ლარი საკმარისი არ არის, მაგრამ რამდენის საშუალებაც გვქენება, იმდენს ავაშენებთ. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, არც ერთი საქმე არ დარჩეს დაუმთავრებელი, იმედი მაქვს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხას გამოყოფენ“.
გაგიკ სიმონიანი ორი წლის წინ დაოჯახდა, მისი შვილი ახლა ერთი წლისაა: „ვცდილობ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილი სოფელში დარჩეს, რადგან ის ჩვენთვის საუკეთესო ადგილია“.
ხავეთის მცხოვრები გაგიკ სიმონიანი
მიუხედავად იმისა, რომ ხავეთში უფრო მეტი ჩაკეტილი სახლია, ვიდრე მოქმედი საკვამური, იქნება თუ არა საუკეთესო შემთხვევაში ოცი წლის შემდეგ სოფელი ხავეთი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა