სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში მეცადინეობა სტუდენტების საერთო საცხოვრებელში მიმდინარეობს. მიზეზი უნივერსიტეტის შენობაში გათბობის არარსებობაა. სიცივის გამო სტუდენტები საერთო საცხოვრებელში გადავიდნენ. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრობლემა ერთ კვირაში მოგვარდება.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის როინ თათეშვილის განცხადებით, გათბობის სისტემის სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და სტუდენტები აუდიტორიებს დაუბრუნდებიან.
„გათბობის პრობლემა პრაქტიკულად მოგვარებულია, დაახლოებით ერთ კვირაში სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში ეტაპობრივად დაბრუნდებიან. ის სტუდენტები, რომელთა გაკვეთილები კომპიუტერებს უკავშირდებოდა, უნივერსიტეტის შენობაში სწავლობენ, ხოლო მცირე ჯგუფების მეცადინეობები საერთო საცხოვრებლის თავისუფალ ოთახებში ტარდება“, – ამბობს როინ თათაშვილი.
Jnews-თან საუბარში სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ საერთო საცხოვრებელში მეცადინეობების უწყვეტად ჩატარების ყველა პირობა შექმნეს.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
ახალქალაქის უნივერსიტეტში გათბობის არქონის გამო გაკვეთილები საერთო საცხოვრებელში ტარდება