სოფელ დადეშში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭის დღე კიკბოქსინგით იწყება და მთავრდება. რობერტ აპოიანმა ვარჯიში 4 წლისამ სახლში ბაბუასთან დაიწყო, შემდეგ კი სპორტდარბაზში გადავიდა. მისი მთავარი მიზანი “ONE CHAMPIONSHIP”-ის მიღწევაა.
ბავშვობაში პატარა აღნაგობა ჰქონდა. ბაბუა წუხდა, რომ შვილიშვილი პატარა ტანის დარჩებოდა, ამიტომ მისი მომზადება დაიწყო.
შვილიშვილი და ბაბუა რობერტი სეხნიები არიან: „ვარჯიში დავიწყე, რათა ზრდა დაეწყო. ხილს ვაჭმევდი, ვაიძულებდი ორძელზე დაკიდებულიყო, ბუქნები ეკეთებინა. მისთვის აუზიც ავაშენე, რათა ეცურა, მერე ველოსიპედზე გადავედით და როცა სპეციალისტთან დაიწყო ვარჯიში, წონაშიც მოიმატა”.
რვა წლიდან რობერტი რეგულარულ ვარჯიშზე გადადის.
„თავდაპირველად სახლში ვვარჯიშობდი და როცა სოფლის სპორტული დარბაზი გაიხსნა, ანდრანიკ აბელიანთან ერთად დავიწყე ვარჯიში“, – იხსენებს რობერტი.
2018 წელს იგი პირველად მონაწილეობს ბათუმში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში, სადაც მე-2 ადგილს იკავებს.
მეორედ, ერევანში ამხანაგურ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, სადაც მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.
პროფესიულ რინგში პირველად 14 წლის გავიდა, სადაც საჩემპიონო ქამარი მოიგო. მისი მეტოქე ირანის წარმომადგენელი იყო.
2017 წელს ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ვარჯიში არმენ გრიგორიანთან ერთად დაიწყო. სპორტული დარბაზის გახსნის შემდეგ კი სოფელში გადავიდა.
ოჯახი რობერტის შეჯიბრებებში მონაწილეობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სურდათ სპორტსაც გაჰყოლოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი დარტყმების მიყენებისა და მიღების რისკი იყო. რობერტის დედა შვილის ბრძოლებს ვერ უყურებს.
ამბობს, რომ შვილის სპორტისადმი სიყვარულს მხარს არ უჭერს, მაგრამ არც წინააღმდეგობას უწევს.
„სანამ შეჯიბრებიდან სახლში დაბრუნდება, ვიქანცები“ – ამბობს რობერტის დედა.
„ოჯახის წევრები არა სპორტის, არამედ შეჯიბრებებში მონაწილეობის წინააღმდეგნი არიან. ანდრანიკ აბელიანისა და სპორტკომპლექსის ყველა სხვა მწვრთნელის ძალიან მადლობელი ვარ, რადგან სწორედ მათ მომიყვანეს აქამდე“, – ამბობს რობერტი.
გმირს ყოველთვის კონორ მაკგრეგორს ადარებდნენ, რადგან ბრძოლებისას ტექნიკური მოძრაობებს იცავს.
მას გიორგი მირზოიანთან ბრძოლა სურს. იგი მარნეულიდან ცნობილი სომეხი სპორტსმენია.
რობერტ აპოიანი რინგზე გასვლამდე ღმერთს მადლობას უხდის. ირწმუნება, რომ სპორტში მხოლოდ ძალა არ არის საკმარისი, მიზნის მისაღწევად გონება და სპორტული ტექნიკაა საჭირო.
მარტში რობერტი ახალქალაქში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ერევანში საერთაშორისო ტურნირიდან კი მოწვევა უკვე მიიღო.
მწვრთნელი რობერტით კმაყოფილია და ამბობს, რომ დიდი პოტენციალი აქვს.
„ასეთი თვისებების მქონე სპორტსმენები ძალიან ცოტაა, ძალიან საინტერესო ტექნიკა აქვს. მასზე დიდ იმედებს ვამყარებ“, – განმარტავს ანდრანიკ აბელიანი.
რობერტ აპოიანი ჯერ კიდევ სკოლაში დადის და პროფესია ჯერ არ აურჩევია. ოკეანის მეორე მხარეს, ამერიკაში ყოფნაზე ოცნებობს. დარწმუნებულია, რომ იქ ყველა იმ ოცნების ასრულებას შეძლებს, რაზეც დღეს მოკრძალებულად დუმს.