19 იანვარს ახალქალაქის ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში უფლის ნათლობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია გაიმართა, რის შემდეგაც მორწმუნეები მამა ალექსანდრეს თაოსნობით, სოფელ ხოსპიოს მახლობლად, მდინარე ფარავნისკენ გაემართნენ, სადაც წმინდა მამამ მდინარე აკურთხა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი მონათლა.
ახალქალაქი მოსახლეობას უჩვეულოდ თბილი ზამთრით ახარებს და არც ეს დღე იყო გამონაკლისი – ნათლისღების ყინვებისა და თოვლის ნაცვლად, მზე, ბალახი და +2 გრადუსი ცელსიუსი. ხოსპიოში, მდინარე ფარავანთან უამრავი ხალხი შეიკრიბა – 2 წლის ბიჭი და შედარებით უფროსი გოგონა მონათლეს, რის შემდეგაც ყველა ნაკურთხ წყალში განბანვისთვის შევიდა. ადგილზე მაშველებიც იყვნენ მობილიზებულნი.
უფლის ნათლობის დღესასწაული სახარებისეული მოვლენაა: 30 წლის იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემელმა იორდანეს წყალში მონათლა. იორდანეში ნათლობით მაცხოვარმა ნათლობის საიდუმლოს, შვიდ მთავარ საეკლესიო საიდუმლოებათაგან ერთ-ერთს, ჩაუყარა საფუძველი. ნათლობით ადამიანი ხელახლა იბადება. ამ დღესასწაულს ღვთისმეტყველებასაც უწოდებენ, რადგან უფლის ნათლობისას ყოვლადწმიდა სამების ყველა ნაწილი გამოჩნდა – ხმა ღვთისა მამა მოწმობდა ძეზე, ღვთის ძე მოინათლა იოანეს ხელით მდინარე იორდანეში, ხოლო სულიწმიდა მტრედის სახით გადმოვიდა ძეზე.