საქართველოში წმინდა საყდრის ელჩის, არქიეპისკოპოსის ჟოზე ბეტენკურტის ინიციატივით, ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკება სამხრეთ კავკასიის კათოლიკურ ეკლესიებში პირველად განთავსდება. 3 დღეა ძეგლი ჯავახეთის ერთი კათოლიკური სოფლიდან მეორეში გადააქვთ. Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხიდან, სადაც 31 ოქტომბრის გვიან საღამოს ქანდაკებას დახვდნენ, ფოტორეპორტაჟი მოამზადა.
31 ოქტომბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში უჩვეულო აქტიურობა შეინიშნა. ფატიმა ღვთისმშობლის ქანდაკების მოლოდინში მცხოვრებთა ნაწილი სოფლის შესასვლელთან საღამოს 6 საათიდან იდგა. წინასწარ გამოცხადებული მომლოცველობის მარშრუტით, სოფელ ეშტიას, უჯმანას, ჟდანოვის, თორიას, კარტიკამის, ბავრას, ხულგუმოს გვერდის ავლით, ღვთისმშობლის ქანდაკება სოფელ ტურცხამდე უნდა მისულიყო.
ხალხი სოფლის ეკლესიაში მიდის
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში კათოლიკე სომხები ცხოვრობენ. ბევრი მათგანი ღვთისმშობლის ქანდაკების სანახავად უცხოეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ჩამოვიდა. დამსწრეები საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც იყვნენ.
თითოეულ სოფელში ცდილობდნენ ქანდაკება რაც შეიძლება მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან და მხოლოდ საღამოს 20:30 საათზე თურცხში, სხვა კათოლიკური სოფლების ავტომობილების თანხლებით ჩაიტანეს.
თურცხში ფატიმა ღვთისმშობლის შესახვედრად სოფლის თითქმის ყველა მცხოვრები გამოვიდა. მის შეხებას ძალიან ლამობდნენ. ჯავახეთის კათოლიკე სასულიერო პირების ხელმძღვანელობით მრავალრიცხოვანი მსვლელობა ტაძრისკენ დაიძრა. ზარების და ავე მარიას ფონზე ქანდაკება ეკლესიაში ფრთხილად გადაასვენეს, სადაც მორწმუნეები ელოდნენ. აქ სასულიერო პირებმა წირვა აღავლინეს.
მრევლი ელოდება ღვთისმშობელს
1-ელი ნოემბრის დილით ქანდაკება ახალქალაქის სხვა კათოლიკურ სოფლებში – ვარევანსა და ალასტანში გადაასვენეს, რის შემდეგაც სალოცავს ახალციხის კათოლიკურ სოფლებში ელოდებიან.
რა არის ცნობილი ფატიმას ღვთისმშობლის მოსიარულე ქანდაკებაზე
პატარა ქალაქი ფატიმა, რომელსაც 12 ათასი მოსახლე ჰყავს, ლისაბონის ქვეყნის დედაქალაქთან (130 კმ) მდებარეობს. დასახლება პორტუგალიის ცენტრალური რეგიონის სანტარემის რაიონის ნაწილია. ქალაქი ცნობილი ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოჩენის შემდეგ გახდა (1917 წელი). მოვლენა ეკლესიამ ნამდვილ სასწაულად შერაცხა. ყოველწლიურად 13 მაისს ასობით ათასი კათოლიკე ჩადის ფატიმაში. ქალაქი პორტუგალიის სულიერ ცენტრად არის აღიარებული.
ფატიმა ღვთისმშობლის ქანდაკება ტურცხში გვიან საღამოს ჩამოამბრძანეს
ბევრი მცხოვრები ნათესავებს მსვლელობის სანახავად ინტერნეტით დაუკავშირდა
ითვლება, რომ წმინდანმა ექვსჯერ მოინახულა მისი სამი შვილი – ლუსია, მისი ბიძაშვილი ფრანცისკო და ბიძაშვილი ხასინტე – 1917 წლის 13 მაისიდან 13 ოქტომბრამდე. რელიგიურ სამყაროში ეს მოვლენები ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენათა სიაშია შეტანილი.
ბავშვები ამბობდნენ, რომ ქალი მათთან თეთრი ტანსაცმლით მოდიოდა და მუხის ხის ზემოთ ჩნდებოდა. მისგან მოდიოდა შუქი, რომელიც მზეს ჩრდილავდა. ყოველ ჯერზე ღვთისმშობელი ცოდვების მონანიებისა და ლოცვისკენ მოუწოდებდა მათ. მორწმუნეთა სამყაროში ჭორები სწრაფად გავრცელდა, მაგრამ უფროსებმა ბავშვებს არ დაუჯერეს. 1917 წლის შემოდგომაზე 75 ათასზე მეტი ადამიანი ქალაქ ფატიმაში (პორტუგალია) სასწაულის სანახავად შეიკრიბა. ღვთისმშობელმა ბრბოს სასწაული უჩვენა – ხელების უბრალო გაქნევით შეაჩერა წვიმა და ღრუბლები გაფანტა. ბრბომ დაიჩოქა, თუმცა ღვთისმშობელი გაუჩინარდა. ეს მოვლენა ისტორიაში „მზის ცეკვის“ სახელწოდებითაა შემორჩენილი. ძალიან მალე პატარა ქალაქმა კათოლიციზმის ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავის სტატუსი მიიღო.
ყველა მორწმუნე ცდილობდა სალოცავს შეხებოდა
ზუსტად ღვთისმშობლის სამი გამოცხადება თუ წინასწარმეტყველება იპყრობს მომლოცველთა ყურადღებას. თითოეულ ნაწილში მომავლის საშინელი ხილვები იყო აღწერილი.
1948 წელს, რომის პაპის თხოვნით, ლუსიამ სამივე ნიშანი ჩაწერა. პირველი ორი გამოცხადება კარგად არის ცნობილი, მაგრამ უკანასკნელის მნიშვნელობა დაზუსტებით ჯერ კიდევ ვერ გაშიფრეს.
პირველი გამოჩენის დროს წმინდანმა ბავშვებს ჯოჯოხეთის კარი აჩვენა. ამავე დროს, ხალხს სთხოვა თავიანთი სულების გადასარჩენად ელოცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ომი დაიწყებოდა.
ღვთისმშობელმა ასევე გააფრთხილა, რომ ორ შვილს წაიყვანდა. ძალიან მალე, 1919 წელს, ლუსიას ბიძაშვილები გარდაიცვალნენ. 70 წლის შემდეგ ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა, ხოლო რომის პაპმა აკურთხა. მათი და ლუსია მონაზონი გახდა და 98 წელი იცოცხლა. 2005 წლის დასაწყისში გარდაიცვალა, ამ მოვლენის გამო პორტუგალიაში გლოვა გამოცხადდა და არჩევნები გადაიდო.
ტურცხის ეკლესია ცოცხალი ყვავილებითა და სანთლებით იყო მორთული
მეორე გამოცხადებისას მადონამ კომუნიზმის გაჩენასა და საშინელ სისხლისღვრაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთს ეკლესიასთან და სარწმუნოებასთან დაბრუნება სჭირდება, მხოლოდ ამ გზით შენარჩუნდებოდა მსოფლიოში მშვიდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შფოთი და ომები დაიწყებოდა, რასაც მთელი ერების გაქრობა მოჰყვებოდა.
ღვთისმშობელი ცის უჩვეულო ნათებაზე საუბრობდა. 1938 წლის იანვრის ბოლოს ღამით, დასავლეთ ევროპის სხვადასხვა კუთხეში უნიკალური მოსისხლო-მოწითალო ნათება დაფიქსირდა. ლუსიამ ღვთისმშობლის ნაწინასწარმეტყველები უცნობი სინათლე ამოიცნო.
ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო
ღვთისმშობლის მესამე ნიშანი მრავალი წლის განმავლობაში გაუშიფრავი იყო. მასთან მრავალი ჭორი, ვარაუდი და საიდუმლოა დაკავშირებული. ჭეშმარიტება 2000 წელს ლუსიას პირადი მოთხოვნით გასაჯაროვდა. როგორც გაირკვა, ნიშანი რომის პაპის მკვლელობის მცდელობას ეხებოდა. ღვთისმშობელმა რომის პაპზე თავდასხმა იწინასწარმეტყველა, მაგრამ ეპისკოპოსს უნდა ეცოცხლა, რათა სამყარო კომუნიზმისგან ეხსნა.
ფატიმა ღვთისმშობლის ქანდაკება ღამე ტურცხის ეკლესიაში დარჩა, დილით, ლოცვის შემდეგ კი გააცილეს
18 წლის ასაკიდან ლუსია პორტუგალიის ქალაქ ფატიმაში ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ დღიურს წერდა. ჩანაწერები “ფატიმას გზავნილის” სახელწოდებითაა ცნობილი. მონაზონი დეტალურად საუბრობს ყველაზე საშინელი მოვლენების – პირველი და მეორე მსოფლიო ომებისა და ებრაელი ხალხის დევნაზე. ჩანაწერები ვატიკანშია გაგზავნილი. იგი გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ 1981 წელს გამოქვეყნდა.