საქართველო მზად იქნება მიიღოს რუსი ტურისტები, როგორც კი იქნება მიღწეული შეთანხმება ქვეყნებს შორის უსაფრთხო ტურისტულ დერეფანთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსი ტურისტები საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორების მნიშვნელოვანი ნაწილია.
“ამ მომენტში რუსეთთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც მანამდე, რუსეთიდან შემოსული ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ვიზიტორებისა, დღესაც ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მზად არის, მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს,“- აცხადებს ნათია თურნავა.
მინისტრის თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა უსაფრთხო ტურისტული დერეფნის შექმნა, როგორც ვიზიტორებისთვის, ისე თავად საქართველოსთვის.
„ტურისტული დერეფნების სახელწოდებაში ჩანს, რომ ეს დერეფნები უნდა იყოს უსაფრთხო, შესაბამისად, ჩვენი რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან როცა შედგება შეთანხმება ტურისტულ უსაფრთხო კორიდორზე, ჩვენ გვექნება ყველა გარანტია იმისა, რომ ეს უსაფრთხოება დაცული იყოს, როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე, დამხევდრი ქვეყნისთვის”, – აცხადებს მინისტრი.
15 ივნისიდან საქართველოში აღდგენა შიდა ტურიზმი, ხოლო პირველი ივლისიდან – საერთაშორისო.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობა გეგმავს უსაფრთხო დერეფნის შექმნა მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ტურიზმის თვალსაზრისით საქართველოსთვის საინტერესო ქვეყნებთან.
გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაავალა გააკონტროლოს საზღვარზე შემოსული ადამიანები, რათა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდეს კორონავირუსზე შემოწმება.
კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო საქართველომ უცხოელებისთვის სახელმწიფო საზღვრები მარტის შუა რიცხვებში დაკეტა, ხოლო ავიამიმოსვლა ყველა ქვეყანასთან შეწყვიტა. 21 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება.