17 სექტემბრის საღამოს მოსულმა სეტყვამ ყვარლის სოფლები დააზარალა, ადგილობრივების თქმით, მოსავლის თითქმის 100% განადგურებულია.სოფელ გრემში ათეულობით მევენახეს ყურძენი აქამდე მოსაკრეფი ჰქონდა, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზარალა თელავისა და ლაგოდეხის სოფლებიც.

პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს, პარალელურად გრძელდება რთველი, ამ ეტაპზე სახელმწიფო კომპანიას 14 000 ტონა დასეტყვილი ყურძენი აქვს ჩაბარებული.

რეგიონში მიყენებულ ზარალსა და მდგომარეობაზე მეღვინეობა “ნეკრესის” თანადამფუძნებელმა ოთო ტაბატაძემ გადაცემა “საქმის კურსში” ისაუბრა. მისი თქმით, მოსავლის 90-100% დაზიანებულია და ბაზარზე მოსალოდნელია ფასების ზრდა, როგორც ღვინოზე, ასევე ყურძენზე.

“მთლიანად ყვარლის ზონაში დაახლოებით 90%-მდე ყურძენი არის დასეტყვილი, ვინაიდან ეს ქინძმარაულის მიკროზონაა, უმეტესი წილი  საფერავის ჯიშის ყურძენი არის გაშენებული, წითელი ყურძენი კი ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია, ვინაიდან ეს ვენახები დაისეტყვა, მოსალოდნელია ფასების ზრდა, როგორც ღვინოზე, ასევე ყურძენზე. ზარალზე ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ფიზიკურად, 90-100%-იანი დაზიანება აქვს ყურძენს”,  – დასძინა მან.

ოთო ტაბატაძემ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დაცულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მევენახეებს, რომლებიც სისტემებს იყენებდნენ, ნაკლები ზიანი მიადგათ.

“ვისაც აქვს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, ვინც სარგებლობს ბადეებით, მათ ნაკლები ზიანი მიადგათ, თუმცა, ამ სისტემებმა ვენახის მთლიანად დაცვა ვერ შეძლო. თითქმის მთლიანი ყვარლის რაიონი დასეტყვილია, განსაკუთრებით გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე, სადაც ვერც ერთი ვენახი ვერ გადარჩა”, – თქვა მან.

მეღვინეობა “ნეკრესის” თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები და შეთანხმებები, რომელიც მევენახეებთან მიმდინარეობდა, აღარ შედგება, რადგან ყურძენი განადგურებულია.

“ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს იმ მევენახეებთან ვეღარ ვაწარმოებთ, რადგან ყურძენი აღარ არსებობს, გვაქვს ალტერნატიული გზაც, არის ზონები, საიდანაც შეიძლება ყურძნის მოძიება, თუმცა, იმ შედეგებს ვერ მივაღწევთ და იმ რაოდენობას ვერ ვაწარმოებთ, რა რაოდენობაც წელს გვქონდა დაგეგმილი”, – დასძინა ტაბატაძემ.