საქართველოში ბოლოდროინდელი ეკონომიკური ზრდის ფონზე ბენზინის ფასებმა დაიკლო. ახალქალაქში 1 ლიტრი Euro Regular ბენზინის ფასი 2,40-დან 2,90 ლარამდე მერყეობს. თბილისში იგივე საწვავის ღირებულება კიდევ უფრო დაბალია და საშუალოდ ლიტრზე 2,25-2,35 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წლის მარტში ახალქალაქში Euro Regular ბენზინის ლიტრი 3,35-3,55 ლარი ღირდა.
2022 წლის აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 3,68 ლარს შეადგენდა, ხოლო დიზელის 4,55 ლარს. Globalpetrolprices-ის პორტალის ინფორმაციით, საქართველოში საწვავი რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირად ფასობდა.
სხვა კვლევის თანახმად, რომელიც Picodi.com-მა ჩაატარა, 2022 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, საქართველოში ბენზინის საშუალო ღირებულება 22,7%-ით გაიზარდა (3,18 ₾-დან 3,90 ₾-მდე). უზბეკეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში ფასების ზრდა სამ პროცენტს არ აღემატება: 1,3%, 2,3% და 2,9%. ანტილიდერი თურქეთი გახდა, სადაც ბენზინი 100%-ით გაძვირდა. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ბენზინი, პირიქით, გაიაფდა – ყაზახეთში ბენზინის ფასი 0,7%-ით შემცირდა.
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასს რამდენიმე ფაქტორი არეგულირებს – საბაჟო ფასი, აქციზია, დღგ, საოპერაციო ხარჯები და მარკირების ჯამი.
2022 წლის მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკურ საბჭოს საწვავის ფასის ზრდის მიზების გარკვევა დაავალა. კონკურენციის სააგენტომ კი რეგულარული მონიტორინგი ჩაატარა და რუსეთიდან, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან შემოტანილი ნავთობპროდუქტების ღირებულებას აკვირდებოდნენ. დადგინდა, რომ განსხვავებული თვითღირებულების მიუხედავად, სამივე ქვეყნიდან შემოტანილი საწვავი ერთი და იმავე ფასად იყიდება.
მიმდინარე წლის აგვისტოში ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სექტემბრისთვის ბენზინზე ფასების შემცირებას ელოდება.