პარლამენტში მთავრობის მიერ, ფინანსთა სამინისტროს ავტორობით 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი დაინიცირდა – სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით, მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 27,8 მლრდ ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე წარმოდგენილია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია. კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, რომლის შემდგომაც მთავრობა დეტალურად განიხილავს საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებს და წინადადებებს, გაანალიზდება 9 თვის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შესრულების მაჩვენებლები და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის განახლებული ვერსია.
ბიუჯეტის კანონპროექტთან ერთად თანმდევი კანონპროექტის სახით წარმოდგენილია „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია 2 მიმართულებასთან, კერძოდ: 2019 წლიდან, გათანაბრებითი ტრანსფერის და საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი ქვეკატეგორიის ნაცვლად, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსავლის წყაროდ განისაზღვრა ბიუჯეტში მობილიზებული დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) 19%; ცვლილება ასევე დაკავშირებულია განათლების და მეცნიერების დაფინანსების განსაზღვრის წესთან. კერძოდ 2019 წელს შემოღებულ იქნა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა ნაერთი ბიუჯეტიდან არ უნდა იყოს მშპ-ს 6%-ზე ნაკლები.