კორონავირუსის პანდემიის აქტიურ ფაზაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად აცრილი მუნიციპალიტეტი იყო. 2022 წლის დასაწყისისთვის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დაახლოებით 6% აიცრა. 2022 წლის ოქტომბერში მხოლოდ ერთი ადამიანი აიცრა, ხოლო ნოემბერ-დეკემბერში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არავის გაუკეთებია. Jnews-ი შეეცადა გაერვია რამ გამოიწვია ეს გარემოება და როგორ აისახა ყოველივე ინდივიდებზე.

საქართველოში ვაქცინაციის წახალისების მიზნით მასწავლებლებისთვის ფასიანი ტესტირებები შემოიღეს, პენსიონერებს ფულადი მოტივაცია მისცეს, ჯანდაცვის სამინისტრომ „ვაქცინაციის მარათონი“ და აცრილებს შორის გათამაშების ლატარეა მოაწყო. მაგრამ ახალქალაქში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვითარება თითქმის არ შეცვლილა.


“კოვიდ-რეგულაციების დაცვის” ღონისძიება ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, 2021 წლის ნოემბერი

პანდემიური მდგომარეობის დასტაბილურებასთან ერთად ვაქცინაციის აქტუალობა და ტემპი კიდევ უფრო შემცირდა. 2022 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 763 ადამიანი აიცრა – იანვარში 425 ადამიანი აიცრა, შემდეგ თვეებში კი რიცხვი მკვეთრად შემცირდა. 2022 წლის დასაწყისში დაგეგმილი სამთავრობო პროგრამის მიხედვით პენსიონერებს ვაქცინაციის შემთხვევაში ერთჯერადად 200 ლარი ეძლეოდათ.

ვაქცინების შემოღებასთან ერთად საზოგადოებაში ჭორები და მითები გავრცელდა. ზოგიერთის მიხედვით ვაქცინა ცვლის ადამიანის დნმ-ს, შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მიზეზია სხვა დაავადებებისა, იწვევს უნაყოფობას, ვაქცინით ჩიპავენ ადამიანებს და ა.შ. ყოველივემ ახალქალაქის საზოგადოების აზრზე დიდი გავლენა იქონია – დაგვიანებულმა საინფორმაციო კამპანიამ, სახელმწიფოს მასტიმულირებელმა ქმედებებმა, ვაქცინირებულთა დადებითმა გამოხმაურებამაც ვერ გააქარწყლა საზოგადოების ეჭვი ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

სოფელი, სადაც არ არის კოვიდ-პასპორტები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი აბულში არც ერთი მაცხოვრებელი არ არის აცრილი. Jnews-ი დაინტერესდა, თუ როგორ ხსნიან მცხოვრებლები თავიანთ არჩევანს.

დღეს, როცა კორონავირუსი აქტუალური აღარ არის, სოფელ აბულში მცხოვრებლებს შორის ვაქცინაციის სასტიკი მოწინააღმდეგეები არ ჩანან. მათი თქმით, ამის საჭიროება აღარ დგას. მიაჩნიათ, რომ „კარგი იმუნიტეტი“ აქვთ და ვაქცინაცია არაფერს ცვლის.

ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი ალექსან თოროიანი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციისადმი ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია: „პანდემიის დროს სოფელი აბული ერთადერთი იყო, სადაც ყოველ ოჯახში თითო ავადმყოფი მაინც ჰყავდათ. კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტს ან ავადმყოფობის, ან ვაქცინის შემდეგ გამოიმუშავებ. ვაქცინა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ არ დაავადდებით, მაგრამ საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაიტანოთ დაავადება და რეანიმაცია თავიდან აიცილოთ. ეს საკმარისი არ არის?”.

მსგავსი სიტუაციაა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც, რომელთა მცხოვრებლები არ აიცრნენ. ისინიც კი, ვინც კოვიდშეზღუდვებს არ ეწინააღმდეგებოდნენ, საზოგადოებრივ აზრს დაჰყაბულდნენ.

“საბუთის არქონა ამერიკაში მოგზაურობის ფასად დამიჯდა”

ვარდუი კურგინიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, რომელმაც აუცრელობის გამო ნანატრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

ვარდუი კურგინიან:
”პანდემიის დაწყებისას, მოუთმენლად ველოდი მომენტს, როცა  ვაქცინა გამოჩნდებოდა და ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდებოდა. ვაქცინის შექმნის შემდეგ არჩევნის წინაშე დავდექი – უნდა გამეკეთებინა თუ არა. ინტერნეტში ვეძებდი ინფორმაციას და სხვადასხვა ვაქცინებს ვსწავლობდი. თუმცა ვერ გადავწყვიტე მჭირდებოდა თუ არა ვაქცინა, რა სარგებელი მოჰქონდა მას, რატომ ამზადებდნენ ამდენს და რატომ აქებდნენ ერთს და არა მეორეს“, – ჰყვება ვარდუი.

მისი თქმით, კორონავირუსი გადაიტანა და იცის მისი სხეული ამ დაავადებებზე როგორ რეაგირებს, თუმცა არ იცოდა ვაქცინა როგორ იმუშავებდა: “მივხვდი, რომ ჩემი ახლანდელი იმუნიტეტი იმ იმუნიტეტზე ძლიერია, რომელსაც აცრის შემდეგ მივიღებდი. სჯობდა კოვიდი კვლავ შემხვედროდა, ვიდრე ვაქცინა გამეკეთებინა და არ მცოდნოდა, ორგანიზმს რა რექაცია ექნებოდა.”

ყველა ცრურწმენისა და ეჭვის მიუხედავად, როგორც კი ვარდუიმ ამერიკაში სტაჟირების შანსის შესახებ შეიტყო, მზად იყო იმავე დღეს აცრილიყო, რადგან მოგზაურობისთვის კოვიდ პასპორტი იყო საჭირო. მაგრამ მისი ოჯახის წევრები წინააღმდეგი იყვნენ.

„ნებისმიერი ადამიანისთვის ამერიკა ოცნებაა. საბუთებს შორის კოვიდ-პასპორტიც მჭირდებოდა. გამგზავრებამდე ერთი თვე მქონდა დარჩენილი და ორივე ვაქცინაცის გაკეთებას ვასწრებდი. მზად ვიყავი იმავე დღეს გამეკეთებინა ვაქცინაცია, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი აღმოჩნდა”.

რესპოდენტის თქმით, ნანობს, რომ ასეთი შესაძლებლობა დაკარგა, თუმცა საკუთარი ჯანმრთელობით კმაყოფილია. ოჯახსაც არ ადანაშაულებს: „ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე არ მეკუთვნის და მათაც უნდა გავუგო“.

რატომ არ გაამართლა ვაქცინაციამ ახალქალაქში?

ვაქცინაციის დაბალი დონის მიუხედავად, ახალქალაქს იდეოლოგიური ანტივაქსერები არ ჰყავს. მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინაციაზე უარს ვარდუისა და აბულის მკვიდრთა მსგავსად ხსნის – „არც ცუდია და არც კარგი“. გავრცელებული მითებისა და შიშების დავიწყება რთულია.

ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი ალექსან თოროიანი მიიჩნევს, რომ რეგიონში ვაქცინაციის პროცესის შეჩერების ძირითადი მიზეზები ახალქალაქის საზოგადოებისთვის ტრადიციული სტერეოტიპები, სხვათა მაგალითები, ყვითელ პრესაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაციაა და ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოსული ზოგიერთი ექიმის განცხადებაა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ ახალქალაქის რეგიონში არ შეჩერებულა – იგივე მდგომარეობაა საქართველოსა და მსოფლიოში.

ახალქალაქის უბრალო მცხოვრებთა დღის წესრიგში COVID-19 არ დგას. 2020 წლის მარტში გაჩენილი პანიკა დავიწყებას მიეცა. გადაადგილებასთან, კომუნიკაციასთან, პროფესიულ საქმიანობასა და სწავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვირუსი ჯერ არ დამარცხებულა. ამ პირობებში საზოგადოების მიერ ვაქცინაციის უგულებელყოფა, რომელიც არა ცოდნაზე, არამედ სტერეოტიპებსა და ცრურწმენებზეა დაფუძნებული, ადამიანთა ჯანმრთელობისთვის შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს.