16 დეკემბერს ახალციხის კლინიკის “იმედის” გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები და ადვოკატები ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას გაეცნენ, სადაც ნათქვამია, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა.
ოჯახის ადვოკატის, ნინო ამაღლობელის განცხადებით, პროკურატურამ ოქმი არ გადასცა, თუმცა საშუალება მისცა, მცირე ხნით ადგილზე გასცნობოდნენ დოკუმენტს. დასკვნის მიხედვით, მეგი ბაქრაძე ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა. ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს.
ანაფილაქსიური შოკის გამომწვევი მიზეზი ადვოკატებისთვის დასკვნის გადაცემიდან ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
ახალციხის კლინიკი “იმედის” მედდა მეგი ბაქრაძე 2021 წლის 18 მარტს, კორონავირუსის AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ გახდა ცუდად. იმავე დღეს ექთანი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალგაზრდა ქალი 19 მარტს გარდაიცვალა.