9 ნოემბერს, ახალქალაქში, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა (GCSD), პროექტის „ვაქცინაცია საქართველოსთვის“ ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
შეხვედრები “მოზარდთა განათლების ცენტრში” გაიმართა. ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცირე და საშუალო ბიზნესის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ქალები, ახალგაზრდები და მოხუცები, ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ექიმმა, ვირუსოლოგმა ქეთევან ომიაძემ და ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ვირუსოლოგმა გაიანე ფიდანიანმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, იმ დაავადებებზე, რომლებსაც კაცობრიობა დიდი ხანია ებრძვის ვაქცინების დახმარებით, ვაქცინის წარმოების ტექნოლოგიებზე, არაზუსტ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა ვაქცინების შესახებ, ისაუბრეს და მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხეს.
„შეხვედრის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვაქცინაციის შესახებ გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მიწოდებაა“, – განმარტა GCSD-ის პროექტების ასისტენტმა ლიზა ბერუაშვილმა.
„სიტუაციისთვის თავი დაღწევის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. ამით საკუთარ თავსა და სხვებს დაეხმარებით“, – აცხადებს ვირუსოლოგი ქეთევან ომიაძე.
პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით ახორციელებს.